ეკლესიები არ დაიხურება. მრევლი ეკლესიებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და ღამით იქ დარჩება
აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიკეტება და სააღდგომო ლიტურგია ისევ არსებული წესით, მრევლთან ერთად ჩატარდება. დიდი ზომის ეკლესიებში მრევლი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, მცირე ზომის ეკლესიაში კი ეკლესიის შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან. მრევლმა კომენდანტის საათი რომ არ დაარღვიოს, ეკლესიაში კომენდატის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე მივა, სახლში კი დილის 6 სთ-ის შემდეგ დაბრუნდება.
15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 69 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
ეკლესიებში სააღდგომო რიტუალის ჩატარების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო.
„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები, და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ,” – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ იმისთვის, რომ კანონი არ დაირღვას, მათი რეკომენდაციით მრევლი ტაძრებში 21 საათამდე მივა და დილის 6 საათამდე იქ დარჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის წესების დაცვას უზრუნველყოფს.
ჩიქოვანის განცხადებით, 17 აპრილიდან დაიკეტება საქართველოს დიდი ქალაქების სასაფლაოებიც.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში დღეს 300-ს გადასცდა. ეპიდემიოლოგები და ინფქციონისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტების დიდ ნაკადის მართვა გაუჭირდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. დაიხურა სავაჭრო ობიექტები და აგრარული ბაზრები. აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაჩერდა არაერთი ბიზნესი და დღიური შემოსავლის გარეშე დარჩა უამრავი თვითდასაქმებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 3000 ლარით ათასობით ადამიანი დააჯარიმეს.
საქართველოს საპატრიარქო კი უარს ამბობს, დაემორჩილოს არსებულ წესებს. ჩვეულებრივ აგრძელებს წირვა-ლოცვას და მრევლს ისევ ერთი კოვზით აზიარებს.