ჟურნალისტური გამოძიება: ივანიშვილის ოჯახმა 2024 წელს მოსკოვთან ახლოს, ელიტურ უბანში ქონება შეიძინა
გაზიარება
გაზიარება
ივანიშვილის ქონება რუსეთში
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად უარყოფს თავის კავშირებს რუსეთთან, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ მისმა ოჯახმა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების გაფართოება.
საქართველოს ყოფილი პრემიკერის ოჯახის უახლესი შენაძენი 2024 წლით თარიღდება – ეს არის 4 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ოლიგარქის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, მიმდინარე წლის 19 აპრილს მოსკოვთან ახლოს, “პერედელკინოს” ელიტურ აგარაკებთან შეიძინა. მანამდე, 2021 წლის 28 სექტემბერს ხვედელიძემ “პერედელკინოში” კიდევ რამდენიმე უძრავი ქონება დაირეგისტრირა.
ამის შესახებ საუბარია რამდენიმე ქართული და რუსული მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივად მომზადებულ საგამოძიები სტატიაში. გამოძიებაზე მუშაობდნენ – „აი, ფაქტი“, OCCRP, iStories-ი (რუსეთი), GMC, „სტუდია მონიტორი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
სულ “პერედელკინოში” ჟურნალისტებმა ივანიშვილების ოჯახის კუთვნილი ერთი საცხოვრებელ სახლი და სამი მიწის ნაკვეთი დაითვალეს. დაახლოებითი გამოთვლით, აღნიშნული უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, პირველად 2013 წელს გახდა საჯარო. მაშინ, როცა ოლიგარქმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, მისი პირველი და უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის პირველი რუსული რეზიდენცია მოსკოვის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რაიონში, სავრასოვაზე მდებარეობს. ეს ქუჩა გამოჩენილ ხელოვანთა საცხოვრებელ ადგილად არის ცნობილი. რეზიდენცია დღესაც ეკატერინე ხვედელიძის და მათი ვაჟის, უტა ივანიშვილის საკუთრებაა.
გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის და შვილის, უტა ივანიშვილის სახლებს კომპანია „აკვა-სფეისი“ აქირავებს, შემოსავალი კი ერიცხებათ სანქცირებული რუსული ბანკის, „ვითიბის“ გავლით. 2023 წლის იანვრიდან რუსეთის მოქალაქე ანდრეი პერშინი ქირაში თითქმის ყოველთვიურად კომპანია „აკვა-სფეისის“ ანგარიშზე რიცხავდა 800 000 რუბლს (დაახლოებით 9000 აშშ დოლარი). ქირა მინიმუმ 2024 წლის მაისის ჩათვლით გრძელდებოდა და ხვედელიძეს დაახლოებით 94 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის კვლევის მიხედვით, „აკვა სფეისს“ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ მეშვეობით ფლობდა. ჟურნალისტებს აქვთ საუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კომპანიას, რომელიც რუსულ ბაზარზე ოპერირებს და “სბერბანკში” რეგულარულად ანთავსებს მილიონობით რუსულ რუბლს, დღესაც ივანიშვილი ფლობს.