"ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს მაგნიტსკის აქტით" - მოსმენა ბრიტანეთის თემთა პალატაში
ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართა. დეპუტატები მთავრობისგან განმარტებებს ითხოვენ, რატომ არ ამოქმედდა უფრო მკაცრი და მასშტაბური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს სისტემურად ასუსტებენ.
მოსმენის მსვლელობისას არაერთმა დეპუტატმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა სულ უფრო მეტად კონცენტრირდება ძალაუფლების ერთ ცენტრში, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები – სასამართლო, მედია და სამოქალაქო საზოგადოება – მზარდ ზეწოლას განიცდის. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრს, სტივენ დაუთს პირდაპირ დაუსვეს კითხვა, რატომ იგვიანებს სანქციების ამოქმედება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
თემთა პალატაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანქციების პოლიტიკას იმ ხელისუფლებების მიმართ, რომლებიც, დეპუტატების შეფასებით, სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებს ავლენენ. საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას “ქართული ოცნება“, რომელთაც ბრალი ედებათ ძალადობასა და რეპრესიებში მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდი ბრიტანეთის დაგვიანებული რეაგირება ეწინააღმდეგება მის დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ეფუძნება. მთავრობისგან ელიან განმარტებას, როდის და რა ფორმით შეიძლება ამოქმედდეს პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
მოსმენაზე ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამოსვლა დეპუტატ ფილ ბრიკელს ეკუთვნოდა, რომელმაც სანქციების საკითხი ფართო მორალურ და პოლიტიკურ ჩარჩოში ჩასვა. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო ეფექტური სანქციების დაწესება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, არამედ ტესტი იმისა, თუ რას წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი როგორც სახელმწიფო. ბრიკელის შეფასებით, საქართველო უნდა უახლოვდებოდეს ევროპულ სივრცეს და არა უკან იხევდეს ავტორიტარიზმისკენ, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის კონტექსტში.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ფაქტობრივად კონცენტრირებულია ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ხელში, მაშინ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანშია ამოღებული “უცხოური გავლენის აგენტების“ კანონით, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, კრემლის პრაქტიკებს იმეორებს.
ბრიკელმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები რეგულარულად ხვდებიან ძალადობას, ხოლო ბრიტანეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციები გარკვეული პირების წინააღმდეგ საკმარისი არ არის. მისი აზრით, ივანიშვილის სანქციების მიღმა დატოვება – მათ შორის მაგნიტსკის გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმის ფარგლებში – ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატიულ რეჟიმებსაც.
ბრიკელმა ყურადღება გაამახვილა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომლისთვისაც, მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო დაფინანსება გაზარდა. “როიტერის“ ინფორმაციით, ქარხანამ გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო და დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან — რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან. ბრიკელის შეფასებით, ეს ქმნის სანქციების შესაძლო გვერდის ავლის სერიოზულ რისკებს.
მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა სტივენ დაუთიც, რომელმაც სანქციები დიდი ბრიტანეთის ხელში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად შეაფასა. მისი თქმით, 2025 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებათა გლობალური რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა 29 პირი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. სანქციები შეეხო კორუმპირებულ ოფიციალურ პირებსა და მოსამართლეებს, ასევე ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრიდნენ. დაუთის თქმით, ლონდონი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
“სანქციები ნამდვილად არის ყველაზე ძლიერი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად კანონის უზენაესობა. 2025 წელს ჩვენ დავასანქცირეთ 29 ინდივიდუალური პირი ადამიანის უფლებათა გლობალური აქტის ქვეშ, შრი ლანკაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ასევე დავასანქცირეთ კორუმპირებული ოფიციალური პირები და მოსამართლეები საქართველოში, გვატემალასა და პრორუსული ჯგუფები მოლდოვაში. ადამიანები ვინც ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ასე რომ ნამდვილად, სანქციები დიდი ბრიტანეთის ხელში ეფექტური იარაღია და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.” – განაცხადა დაუთმა.