ქუჩაში სიცივე და მარტოობაა
ფოტო: ხატია გოგოხია
შესვლისას დაცვა საბუთებს მიმოწმებს. მოწმობის ფოტოს ჩემს სახეს ადარებს. ამის შემდეგ შესვლა შეიძლება. მიუსაფართა თავშესაფარში
ტერეზა
თბილისში ის ერთადერთია და ასეთი ცივილიზებული სახით, დაახლოებით ერთი წელია, არსებობს. ეს ერთობლივი სახლი საერთო საცხოვრებელს ჰგავს, თუმცა არის კიდეც. ოღონდაც საწოლებზე ერთად ხუთ და ექვს სტუდენტს არ სძინავს. “ბენეფიციარები”, როგორც აქაურ მაცხოვრებლებს სოციალური მუშაკი მაია ახრახაძე უწოდებს, აქ ძირითადად საპატრულო პოლიციის მანქანას მოჰყავს. ზოგი თავადაც მოდის, განსაკუთრებით ახლა,ზამთარში, როდესაც ქუჩაში გაყინვა ასე ადვილია.
ტერეზა აქ პირველი დღიდანვე ცხოვრობს, მანამდე კი კარვების ქალაქის ძირძველი მოსახლე იყო. იყო ასეთი ადგილი ვაზისუბანში, თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. იქ ბევრად უარესი პირობები იყო. შემდეგ მერიამ ითავა, და მიუსაფრებისთვის ეს თვშესაფარი ააშენა.
“მე და დედა ბინას ვქირაობდით. შემდეგ დედა გარდაიცვალა და მარტომ ვეღარ შევძელი ქირის გადახდა და პატრულმა იმ კარვებში მიმიყვანა. აქ ძალიან კარგია – რაც მთავარია, წამლებით მამარაგებენ”, – ამბობს ტერეზა.
მას ეპილეპსია აქვს. ტერეზა მძივებისგან სამაჯურებს ქსოვს და ინგლისურს სწავლობს.
ნანული
თავშესაფარი ქალაქის განაპირას მდებარეობს, ცნობილი სავაჭრო კომპლექსის “ლილოს” მახლობლად. ამიტომ დღისით ირგვლივ უამრავი ხალხია, საღამოობით კი – სრული სიწყნარე. ამჟამად თავშესაფარში 105 ადამიანი ცხოვრობს. ის 240 კაცზეა გათვლილი, მაგრამ 160 უსახლკარო ადამიანზე მეტი აქ ჯერჯერობით არ შეკრებილა.
ადამიანების რაოდენობა ზამთარში მატულობს ხოლმე, განსაკუთრებით, თუ ყინვებია. მაგრამ ზოგიერთები აქ მოდიან (ან მოჰყავთ), ცოტა ხანს რჩებიან, მერე კი ამბობენ, რომ აქაური წესებით არ სურთ ცხოვრება, და ისევ მიდიან შემდეგი ყინვების დადგომამდე.
79 წლის ნანულის მხედველობის პრობლემა აქვს. მალე მას ოპერაციას გაუკეთებენ. მისი ოთახის მეზობლები გამოგვიტყდნენ, რომ ოცნებობენ (ერი მათგანი ძილის წინ ლოცულობს კიდეც), რომ ნანულის მხედველობა დაუბრუნდეს. რამდენიმე წლის წინათ ნანულის ვაჟი ზღვაში დაიხრჩო, სხვა კი ქალს არავინ ჰყავს. ერთხანს მონასტერში ცხოვრობდა, მაგრამ უკვე 3 წელიწადია, წასასვლელი არსად აქვს. ბოლოს ამ თავშესაფარს მოაკითხა და დარჩა კიდეც. ამბობს, რომ ახლა მეგობრები გაიჩინა და საინტერესო ადამიანები გაიცნო.
მიუსაფარი ადამიანის ფსიქოლოგია
თავშესაფარში ყველაზე საინტერესო ოთახია ფსიქოლოგის კაბინეტი. აქ უამრავი ნაკეთობა და ნახატია. ფსიქოლოგი ანი სუბარი ამბობს, რომ ბევრმა, აქ მცხოვრებთა უმეტესობამაც კი, სხვადასხვა ხელსაქმე ისაწავლა – ისეთ ხელობებს დაეუფლნენ, რაც ადრე არასდროს უკეთებიათ.
“ჩვენთან სხვადასხვაგვარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხვდებიან, განსხვავებული შესაძლებლობებით. ხშირად საკმაოდ აგრესიულებიც არიან და ძალიან ფრთხილ მიდგომას საჭიროებენ. ზოგი ძალიან მგრძნობიარეა. თითოეულს თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს. ჩვენ ყველას ვთავაზობთ არტ-თერაპიას, რომელიც დამშვიდების და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. მე და ეს ადამიანები ერთმანეთს უკვე ვენდობით, და მათ ეს თვითრეალიზაცია სიამოვნებას ანიჭებთ”, – ამბობს ანი სუბარი.
მიუსაფარი ადამიანის ჯანმრთელობა
თავშესაფარში მოხვედრი წესები ისევ იგივეა, რაც კარვების ქალაქში იყო. ზოგი აქ პატრულს მოჰყავს, ზოგიც თავად მოდის, სხვები ახლობლებს ან ნაცნობებს მოჰყავთ. ყველა ახალმოსული გასაუბრებას გადის და ამის შემდეგ რთავენს (ან არ რთავენ) მათ დარჩენის ნებას.
შიდა განაწესი საკმაოდ მკაცრია. ვისაც თავშესაფარში სურს ცხოვრება, სავალდებულოა: 1) იყოს სრულწლოვანი; 2) ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში იყოს დარეგისტრირებული; 3) არ ფლობდეს არანაირ ქონებას; 4) შესწევდეს თავის დამოუკიდებლად მოვლის უნარი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი, რომელიც მკაცრად კონტროლდება – აქ ცხოვრების მსურველი არ უნდა იყოს ალკოჰოლსა და სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებული. თუკი ეს წესი დაირღვევა – პირველ ჯერზე შესაბამისი აქტი დგება. მეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, ბენეფიციარი დაბრუნების უფლების გარეშე გაირიცხება თავშესაფრიდან.
“ჩვენთან არც ისე მარტივი ადამიანები სახლობენ. არიან ისეთებიც, ვისაც ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზი აქვს”, – ამბობს მორიგე ექიმი მედეა დოლიძე.
“ჩვენ დიაგნოზებს ვუსვამთ, ვმკურნალობთ. თუმცა წამლებს მხოლოდ აქ, ექიმის კაბინეტში გავცემთ, რადგან ზოგიერთი ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ, საჭიროა სრული კონტროლი”.
იზო
თავშესაფრის ყველა მცხოვრებს ურიგებენ ჰიგიენურ საშუალებებს და პირსახოცებს. თითოეულს საკუთარი კარადა აქვს. ლოგინის თეთრეულს კვირაში ერთხელ უცვლიან. ერთდერთი მოთხოვნაა, რომ ნახმარი თეთრეული თავად მიიტანონ სამრეცხაომდე, და იქიდან სუფთა თეთრეული წამოიღონ.
იზო ბებია ყოფილი ფარმაცევტია, აფთიაქში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს. ერთი თვეა, რაც თავშესაფარში ცხოვრობს. თავის ამბის მოყოლა არ სურს. საერთოდ, ბევრს არ ლაპარაკობს. საკუთარ ავლადიდებას გვათვალიერებინებს – საწოლზე აწყობს წიგნს, თავის ახალგაზრდობის სურათს, სარკეს და ტუჩსაცხს. ამბობს, – გაპრანჭვა ყოველთვის მიყვარდაო.
ჯულეტა
სოციალური სამსახური თავშესაფარში, არც ისე დიდი ხანია, მოქმედებს – 2016 წლის ოქტომბრის ბოლოდან. როგორც მაია ახრახაძე ამბობს, ის და მისი კოლეგები ამჟამად ბენეფიციართა “ბიო-ფსიქო-სოციალური რუკის” შედგენით არიან დაკავებულები. შემდეგ, ამ რუკის მიხედვით, თითოეულ აქაურ მაცხოვრებელს რაიმეს კეთებას შესთავაზებენ.
თუმცა აქ ზოგი ისეთიც არის, ვისაც უკვე აქვს სამსახური. მათ თავიანთი განრიგი თავშესაფრის ხელმძღვანელობას უნდა წარუდგინონ, საგანგებო საშვი უნდა მიიღონ და სამსახურში იარონ, თუმცა – შიდა განწესის მკაცრი დაცვით.
ქერათმიანი ქალბატონი რვეულში რაღაცას იწერს. ეს ჯულეტა ილურიძეა, 58 წლის. როგორც გაირკვა, იტალიურ ენას სწავლობს. თავშესაფრის ერთი-ერთი თანამშრომლის პირველადი პროფესია იტალიურის მასწავლებლობა ყოფილა, და ჯულეტაც იტალიურად ალაპარაკების სურვილით აენთო. უკვე ხუთი გაკვეთილი შედგა.
ჯულეტა მარტოხელა ადამიანია. მეოთხე თვეა, თავშესაფარში ცხოვრობს. “საბიანაო თაღლითობის მსხვერპლი გავხდი და ქუჩაში დავრჩი. ახლა ძიება მიმდინარეობს და მერიამ დროებით თავშესაფარში ცხოვრება შემომთავაზა”, – ამბობს ის.
ნარგიზა
ნარგიზა ტელევიზორში კინოს უყურებს. უკვე დიდი ხანია, თავშესაფარში ცხოვრობს, ჯერ კიდევ კარვების დროიდან. თავშესაფარშივე ცხოვრობს მისი ქმარიც, მაგრამ ის სხვა ბლოკშია – საოჯახო ოთახები აქ არ არის.
“შვილებიც მყავს, მაგრამ ახლა ინტერნატში არიან. ჩვენი სახლი არასდროს გვქონია, მაგრამ რაიონული ადმინისტრაცია ნაქირავები ბინის ქირის გადახდაში გვეხმარებოდა. შემდეგ კი იქ რაღაც შეიცვალა და მთელი ოჯახით გარეთ დავრჩით. და ახლა ასე ვცხოვრობთ – მე და ჩემი ქმარი აქ, ბავშვები კი სხვა თავშესაფარში. და არანაირი გამოსავალი არ ჩანს”, – ამბობს ნარგიზა.
ახალი წელი
თვშესაფრის დირექტორი გოჩა მინდიაშვილი ძალიან ემადლიერება ახლახან შექმნილ ორგანიზაციას – “დონორთა სამსახურს”. ამ ორგანიზაციამ, რომელიღაც ამერიკული კომპანიის (კომპანიას ზუსტად ვერ ასახელებს) დახმარებით, თავშესაფარს სამი ახალი სარეცხი მანქანა გადასცა საჩუქრად.
მაგრამ ძრითად დახმარებას მათ მაინც თბილისის მერია უწევს. ქალაქის ბიუჯეტიდან უხდიან ხელფასს თანამშრომლებს, ყიდულობენ წამლებს, პროდუქტებს და ყველაფერ აუცილებელს.
სასადილოში ოდნავი ქლორის სუნი დგას და უზადო სისუფთავეა. გამოდის მაღალი, მკაცრი ქალბატონი და თავს გვაცნობს: “მე მზია ვარ, სასადილოს დირექტორი”. ის ზამთრის მენიუს შედგენით არის დაკავებული.
“ჩვენთან ორჯერადი კვებაა, ავადმყოფებისთვის – ცალკე რაციონია. დიაბეტით დაავადებულებისთვის კი სრულიად სხვა განრიგი გვაქვს, და მათ ცოტაოდენი საკვების ოთახში წაღების უფლებაც აქვთ”, – ამბობს მზია.
გასულ ახალ წელს ყველა ერთად შეხვდა და ძალიან ბედნიერები იყვნენ – კარვებიდან სულ ახლად გადმოსახლებულები იყვნენ და მენიუც სადღესასწაულო ჰქონდათ. ახლა უკვე დამკვიდრდნენ და კიდევ უფრო უკეთეს საახალწლო დღესასწაულს გეგმავენ. უკვე სიურპრიზების მზადებაში არიან. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყველა სასაჩურე შეკვრაში ბევრი ხილი და ტკბილეული იქნება.