ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე.
ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია. ბოლო მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მოქმედებს. დაკეტილია ათასობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
როგორც წესი, დეკემბერში, ანუ წინასაახალწლო პერიოდში, ვაჭრობა და სხვა ეკონომიკური აქტივობები წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. წელს კი ეს თვე პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო.
“დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9 შემცირდა და სწორედ ამ თვის ვარდნამ განაპირობა მთელი წლის მაჩვენებლის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება“, – ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, რა იყო ეკონომიკური ვარდნის მიზეზები.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა, წერს ბიზნესგამოცემა bm.ge .
ეკონომიკური თვალსაზრისით 2020 წელი უპრეცენდენტო იყო მთელი მსოფლიოსთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, მსოფლიოში გასულ წელს 4.3 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იყო.
კვარტლების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ასეთი შედეგი იყო:
საქსტატის მონაცემების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ “საბოლოო ჯამში, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით…
ჩვენ გვქონდა გარკვეული სერიოზული გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ სერიოზული სიგნალი იყო სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ ანუ ე.წ. მეორე ტალღამ, მთელ ევროკავშირს, ჩვენს რეგიონს და საქართველოს თავისი დაღი დაასვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის ვარდნაზე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო დრამატულია და საქსტატმა მონაცემები “შეალამაზა”.
„კლება კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის ზუსტად დათვლი. ამის მიზეზი არის გაყალბებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელი (სუბსიდრებით მანიპულირების გამო). საქსტატი შემჩნეულია პოლიტიკურ მანიპულაციაში და ხშირად ეწევა მთავრობის საქმიანობის შელამაზებას,” – ამბობს გოცირიძე.