სუს-მა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა
ისლამური სახელმწიფოს მეთაური მალხაზ პაქსაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კონტრტერორისტულმა ცენტრმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
“2013-2015 წლებში იგი ე.წ. “სამხედრო ემირების”, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში”. – წერია სუს-ის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების, ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
● შემოწმებულია: ტერორისტები არ არიან. რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან
● Crisis Group: 2023 წლის სახიფათო კონფლიქტებს შორისაა უკრაინა, სომხეთი-აზერბაიჯანი და ირანი
● ავღანეთი დაეცა. როგორი იქნება ახალი ისლამური ხალიფატი
2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა ერაყის, სირიისა და ლიბანის ნაწილს, ასევე მცირე ტერიტორიებს ლიბიაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
2015 წელს რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წავიდა ჩეჩნეთიდან სირიაში საბრძოლველად; პანკისიდანაა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ოდიოზური ემირი აბუ უმარ ალ-შიშანიც, იგივე თარხან ბათირაშვილი. ამის გამო, ტერორიზმის კერის რეპუტაციამ მტკიცედ დაიმკვიდრა პანკისში სახელი და ეს რეპუტაცია დღემდე რჩება – მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ხეობიდან ხალხი თითქმის აღარ ხვდებოდა ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან დაკავშირებულ ისტორიებში.
2017 წლის 12 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის ხელმოწერისას განაცხადა, რომ აშშ-მ სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფო” საბოლოოდ დაამარცხა.
მოგვიანებით პენტაგონმა ასევე განმარტა, რომ სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” 3 ათასამდე წევრია დარჩენილი, რაც დაახლოებით ათჯერ ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როდესაც “ისლამური სახელმწიფო” ვითარდებოდა და ახალ-ახალ ტერიტორiებს იპყრობდა. მათივე ცნობით, მოკლულია 60-70 ათასი ტერორისტი, უფრო მეტი კი თავის სამშობლოში დაბრუნდა.