ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის "პირდაპირი პასუხისმგებლობის" შესაძლო დადგომაზე საუბრობს
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის “ფეიკი” და თუ ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც ხელისუფლებას ეშინია [სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკიდან გატაცება – JAMnews], შესაძლოა დადგეს ომბუდსმენის და ექიმების “პირდაპირი პასუხისმგებლობა”.
გუშინ, 17 ნოემბერს, გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ:
პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა, იმავე დღეს ექიმების ჯგუფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ციხეში შევიდნენ.
კობახიძის განმარტებით, კონსილიუმის დასკვნა უნდა მომზადებულიყო არა შიმშილობის, არამედ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ, “რადგან სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით აღარ შიმშილობს და მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოტივით აგრძელებს შიმშილობას.”
მისივე თქმით, კონსილიუმში შემავალი ექიმები არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულები:
“ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ეს ე.წ. დასკვნა, რომელიც მათ მოამზადეს.”
17 ნოემბრის დასკვნაზე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა. მის თმით, სახალხო დამცველი თავისი ქმედებებით “მეორე მხარეს” უწყობს ხელს. დავითულიანი ამბობს იმასაც, რომ როცა ექიმების ფეისბუქ-სტატუსები წააკითხეს, მიხვდა, რომ “შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ”.
“მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად პოლიტიზებულია. აქ ჯანმრთელობა არაფერ შუაშია. ჯანმრთელობა გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, რაღაც ჯგუფები ირჩევენ მხარეს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის ამ მოძრაობაში და პროცესში, უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს”, – აცხადებს დავითულიანი.
ხოლო კიდევ ერთი დეპუტატი ამბობს, ირმა ზავრადაშვილის ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭო პარტიული წევრებით დაკომპლექტდა.
● შიმშილობის 47-ე დღე: სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი. ვინ რა იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. 10 დღეა სააკაშვილი საკვებ დანამატებსაც აღარ იღებს და როგორც მისი მეგობრები და ადვოკატები ამბობენ, ასევე უარს ამბობს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე.
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო. უკვე მე-14 დღეა ხოშტარია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ათმა ოპოზიციონერმა. 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმაც.