"მთავარ თემად რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა დასახელდა" - ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ხელისუფლების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ თბილისსა და ბაქოს შორის ეკონომიკური კავშირები კვლავაც პრიორიტეტად რჩება. ამ კონტექსტში გამოიკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლი, რომლის მორიგი სხდომაც უახლოეს პერიოდში საქართველოში უნდა გაიმართოს. ოფიციალური განცხადების თანახმად, თანამშრომლობა მოიცავს როგორც ენერგეტიკას, ისე ტრანსპორტსა და ვაჭრობას.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემად რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა დასახელდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მას რეგიონული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც, მათი შეფასებით, ვითარების დეესკალაციისთვის აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ალიევის ვიზიტის ფონზე ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა მოვლენამ: 5 აპრილს საქართველოდან გააძევეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან სადიგოვი, რომელსაც ოფიციალურად სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 4 აპრილის ღამით გაავრცელა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ. მოგვიანებით მას 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და საქართველოში შემოსვლა სამი წლის ვადით აეკრძალა.
6 აპრილს სადიგოვის მეუღლემ განაცხადა, რომ აქტივისტი უკვე აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი თქმით, ქმრის საქართველოდან გაძევება “პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“ იყო.
თუმცა სადიგოვის ადვოკატმა, თამთამ მიქელაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა სასამართლომ სადიგოვი გაათავისუფლა.