სუს: ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა და აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოები (სუს) სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს.
“მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას.” – განაცხადეს სუს-ში.
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა შეკითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერის თანამდებობას ორჯერ იკავებდა.
დღესვე საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს – მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება ბრალად.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.
ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 2 904 900 აშშ დოლარი.
17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჩატარდა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების – ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა.
მოგვიანებით სუს-მა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.