ვის უნდა საქართველოდან მუშაობა? მთავრობის პროექტს 700-ზე მეტი უცხოელი გამოეხმაურა
„იმუშავე საქართველოდან“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 27 აგვისტოს წამოიწყო.
პროექტის არსი შემდეგშია: 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში სააგენტო “ინტერპრესნიუსს” უთხრეს, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა, 31 ადამიანი კი უკვე შემოვიდა საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში.
•”სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას
პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. პროექტით ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებმა გამოხატეს (26 პროცენტი), შემდეგ მოდის აშშ-დან აპლიკანტები (19 პროცენტი). ტოპ ხუთეულშია ასევე დიდი ბრიტანეთი, კანადა და უკრაინა.
ამ დროისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე დააკმაყოფილა 300-ზე მეტი აპლიკაცია, 70-მდე აპლიკანტს უარი უთხრეს. დანარჩენი განცხადებები განხილვის პროცესშია.
პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს წამოწყება, პანდემიის შედეგად დაზარალებულ ტურისტულ სექტორს უნდა დაეხმაროს – ეს პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ამბობენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
პროექტი გათვლილია იმაზე, რომ საქართველოში შემოვლენ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები და რაც მთავარია, დარჩებიან ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ტურისტები.
ვის შეუძლია იმუშაოს საქართველოდან?
პროექტის მიხედვით საუბარია სამი კატეგორიაზე: თვითდასაქმებულებზე, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირებსა და მეწარმეებზე. მათ stopcov.ge-ზე აპლიკაცია უნდა შეავსონ და პირად ინფორმაციასთან ერთად, არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რომ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და საქართველოში ყოფნის პერიოდში შეძლებენ ყველა გადასახადის გადახდას – უნდა დაურთონ დეტალური ინფორმაცია როგორც საკუთარი თავის, აგრეთვე დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ვალიდური დოკუმენტაციის თანხლებით, ბოლო ერთი წლის საბანკო ამონაწერით კი უნდა დაადასტურონ, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2 ათას დოლარს შეადგენს.
პროექტში მონაწილეები 12- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს ისინი თავად აანაზღაურებენ. ასევე, თავად უნდა დააფინანსონ PCR-ტესტირება და ფლობდნენ მინიმუმ ექვსი თვის ვადის მქონე ჯანმრთელობის დაზღვევას.
კარანტინის დასრულების შემდეგ, მეცამეტე დღეს ეს ადამიანები სრულფასოვანი ტურისტები ხდებიან – შეეძლებათ დაიქირაონ ბინები, იმოგზაურონ ხანგრძლივი პერიოდით საქართველოში.
“ამ პროექტით საშუალება გვაქვს უნიკალური მიმართულება გავხდეთ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.