H1N1-ს ექვსი ადამიანი შეეწირა
ჯანდაცვის უწყება სომხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდოს, არ აყვეს პანიკას და თან არც სიფხიზლე დაკარგოს. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობა ამ მოწოდების გარეშეც ფხიზლადაა.
ოფიციალური მონაცემებით,ჰოსპიტალიზებულია 855 ადამიანი, თუმცა ყველა მათგანი H1N1ვირუსით, ანუ ‘ღორის გრიპით’ არ არის ინფიცირებული. 77 ადამიანი სათანადო მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებებში გადის; 11–ის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე, და ასეთი პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატებს საჭიროებენ; თუმცა, H1N1 ვირუსით მხოლოდ ოთხი მათგანია ინფიცირებული.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაჰან პოღოსიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადა: ‘ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაავადების მაჩვენებელმა იმატა, ეპიდემია _ არ არის. ჩვენ მისი შეჩერება შევძელით’.
ძნელი სათქმელია, თუ რატომ ჰგონიათ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ეპიდემიის თავიდან აცილება შეძლეს. საავადმყოფოებს ისევ აკითხავენ პაციენტები, და როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ დავიდიანცი ამბობს, ყველა რეგიონში იგივე მდგომარეობაა, რაც დედაქალაქში. მედიკოსები არც იმას მალავენ, რომ ვირუსმა H1N1 უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა _ სამი 2015 წლის ბოლოს, კიდევ სამი კი _ 2016 წლის დასაწყისში.
ექიმები ყველას მოუწოდებენ, თვითმკურნალობას თავი ანებონ, და გრიპის ნიშნების აღმოჩენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიაკითხონ. მათივე თქმით, ბოლო დროს მიმართვების რაოდენობამ იმატა, თუმცა მძიმე შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა _ სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებს დროულად აკითხავენ.
ჯანდაცვის სამინისტრო თავიდანიუწყებოდა, რომ რესპირატორული დაავადებების გავრცელების გამო, პოლიკლინიკებში ექიმები სადღესასწაულო დღეებშიც იმორიგევებდნენ. თუმცა, ერევნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩიოდა, რომ პოლიკლინიკების უმრავლესობა დაკეტილი ხვდებოდათ; ვერც ექიმებს პოულობდნენ და ვერც მოქმედ ლაბორატორიებს, სადაც ანალიზების ჩაბარებას შეძლებდნენ. ეს ცნობა ჯერ კიდევ იანვრის პირველ კვირას გავრცელდა მასმედიის საშუალებით, მაგრამ 8 იანვრამდე მთელი ქვეყანა ისვენებდა.
თანაც დღესასწაულები ერთგვარად ხელსაც უწყობდა ინფექციის გავრცელებას, რადგან საახალწლო უქმეებზე ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის მეტი საშუალება ჰქონდათ და ვირუსის გავრცელების ალბათობამაც იმატა.ხოლო ვინც ამ დროს ავად გახდა და ექიმების სამსახურებში დაბრუნებას ელოდა, პროფესიონალური მკურნალობის გარეშე, ფილტვების ანთებაც დაერთოთ და მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდათ.
ვირუსის საწინააღმდეგო ცნობილი პრეპარატი ‘ტამიფლუს’ პოპულარობამ ერთიორად იმატა ‘ღორის გრიპის’ შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე. თუმცა, მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ამ პრეპარატს პროფილაქტიკური თვისებები არ აქვს და ადამიანს ინფიცირებისგან ვერ იცავს. ‘ტამიფლუ’ უშუალოდ ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენება.
ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგმა, ვლადიმირ დავიდიანცმა მოსახლეობას ურჩია, არ ეძებონ მედიკამენტი აფთიაქებში, რადგან ამ წამლის ფასიც გაზრდილია, და მისი შოვნაც გაჭირდა. აღნიშნული პრეპარატი, ისევე როგორც მკურნალობისთვის საჭირო ყველა სხვა მედიკამენტი, საავადმყოფოებშია შეტანილი და ვირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტს უფასოდ გადაეცემა.
სოციალურ ქსელში H1N1 ვირუსთან დაკავშირებით პანიკა არ ამტყდარა, მაგრამ ბევრმა მოიწონა ფოტო,რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პრესკონფერენციას სამედიცინო ნიღბიანი ოპერატორი იღებს.
‘PAN ფოტოს’ ფოტომასალა