გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მისმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.
მიზეზად მან პარტიის შიგნით არსებული უთანხმოება და დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია” დაასახელა.
“მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან.უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს ვაშაძე ფეისბუკზე.
ვაშაძე პარტიიდან წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
● პარტიის ზოგიერთი ხელმძღვანელი პარტიის პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს;
● პარტიას არა აქვს სტრატეგია;
● პარტიის გარშემო და მის შიგნით გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები, “რომლებიც კარგა ხანია თითქოს ჩავაბარეთ წარსულს”;
● სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების მისამართით დაწყებული თავდასხმები და შეურაცხყოფის კამპანია, “რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო”.
“ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე”, – წერს გრიგოლ ვაშაძე.
ვაშაძე ამბობს, რომ ამ კონკრეტული მიზეზების გამო ის ვეღარ გააგრძელებს მუშაობას “ნაციონალურ მოძრაობაში”.
ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, “სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს”.
ფეისბუკ-პოსტის ბოლოს ვაშაძე ჟურნალისტებს მიმართავს და ამბობს, რომ არ აპირებს მედიისთვის უფრო ვრცელი განმარტებების და ინტერვიუების მიცემას.
“უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან – არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“ – წერს ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. არჩევნებზე ვაშაძემ მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. პირველ ტურში ზურაბიშვილმა ვაშაძეს მხოლოდ 0.91 პროცენტით გაუსწრო.
ვაშაძე პარლამენტში შევა?
ვაშაძის ფეისბუკ-განცხადებაში არ არის ნახსენები დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი.
ვაშაძე არ ამბობს, აპირებს თუ არა უარი თქვას პარლამენტის წევრის მანდატზე.
გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” საარჩევნო სიაში რიგით მეორეა ბუბა კიკაბიძის შემდეგ. მართალია, ცესკომ უკვე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა, თუმცა რეგლამენტი იძლევა საშუალებას ცალკეულმა დეპუტატებმა, ვისაც ამის სურვილი ექნება, შეინარჩუნონ მანდატები.
საარჩევნო ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
არჩევნების დასრულებისთანავე, ვაშაძეს დანარჩენები თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა – ნოემბრის დასაწყისში, როცა ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, უარი ეთქვათ ქუჩის აქციებზე და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაეტანათ.
ამ განცხადებით აშკარა გახადა ბზარი ვაშაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებს შორის.
● მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, ოპოზიციაში მძაფრი რეაქციები მოჰყვა
11 დეკემბერს, გრიგოლ ვაშაძე ასევე არ დაესწრო ოპოზიციის შეკრებას, რომელზეც საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარი მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს.
“ნაციონალური მოძრაობა” – ტრადიციული განხეთქილება არჩევნების შემდეგ
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი წევრები ტოვებენ.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც პარტიაში დაპირისპირება სწორედ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობას მოჰყვა. ამ დაპირისპირების შედეგან პარტია ორად გაიყო.
ერთი ნაწილი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მიიჩნევდა, რომ პარტიას უარი უნდა ეთქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე. მეორე ნაწილი კი (მათ შორის, უშიშროების ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია) აცხადებდა, რომ მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმა და მეორე ტურის ბოიკოტირება პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
გრიგოლ ვაშაძე. მოკლე ცნობა
ვაშაძე მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია. ის 1980-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მან დიპლომატიური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა, რის შემდეგაც მოსკოვში განაგრძო ცხოვრება, დაიწყო კერძო ბიზნესი და ამასთან ერთად, თავისი მეუღლის, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაბალერინის, ნინო ანანიაშვილის იმპრესარიო გახდა.
2004 წელს ნინო ანანიაშვილი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწვევით სათავეში ჩაუდგა საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. ამავე წელს, მან ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს პასპორტი აიღო. მეუღლესთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა გრიგოლ ვაშაძეც.
2008 წლის ნოემბერში, გრიგოლ ვაშაძე დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად. იმავე წლის დეკემბერში კი მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ დროს, ვაშაძე ერთდროულად იყო, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქე, რის გამოც მას ოპოზიცია და საზოგადოება აკრიტიკებდა.
კითხვაზე, ომის შემდეგ, რატომ არ თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, დიპლომატი პასუხობდა: „მე ხომ რუსეთის ხელისუფლების მოქალაქეობა არ მაქვს. ხელისუფლება წავა, რუსეთი და რუსი ხალხი კი დარჩება“.
თუმცა, 2009 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა, პოლიტიკოსმა თავად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე.