მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "გრანტების კანონში" ცვლილება
გრანტების კანონში ცვლილება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები შვიდ სხვადასხვა კანონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევისკენ უბიძგებს.
მისი თქმით, შეთავაზებული რეგულაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს, გააძლიერებს სახელმწიფოს კონტროლს სამოქალაქო აქტივობაზე და ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ ჩართულობას.
კომისარი პირდაპირ მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას ცვლილებებზე და ხელისუფლებას ახსენებს ვალდებულებას, დაიცვას გაერთიანების თავისუფლების უფლება.
“ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს “უცხოური დაფინანსების” შესახებ: უცხოურ ფონდებთან და იურიდიულ პირებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, მთავრობის ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამით “ოცნება” ცდილობს ჩაიკეტოს ყველა გზა საქართველოში უცხოური დაფინანსების მისაღებად, ის შემოვლითი გზებიც, რაც წინა ცვლილებების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა იპოვეს.
ეუთოს 23 წევრმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედა ე.წ. მოსკოვის მექანიზმი – ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ეჭვი არსებობს.
“ეს წინადადებები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. მოვუწოდებ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და ხელისუფლებას – კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, – აღნიშნავს ო’ფლაერტი განცხადებაში.
მისი განმარტებით, 28 იანვარს გამოცხადებული ცვლილებები პირველ რიგში ეხება “გრანტების შესახებ“ კანონს და მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ სამართლებრივ განმარტებას. ახალი ფორმულირებით, გრანტად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სახის ფულადი ან ნატურალური დახმარება, რომელიც ერთი პირისგან მეორეს გადაეცემა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მთავრობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის საქმიანობაზე გავლენის მოსახდენად.
კომისრის შეფასებით, ასეთი ფართო განმარტება ქმნის რეალურ რისკს, რომ სახელმწიფოს ხელში მოექცეს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური საქმიანობის ზედმეტი კონტროლი.
“ეს საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივ და კანონიერ სამოქალაქო აქტივობას, ასუსტებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და მოქალაქეების მონაწილეობას დემოკრატიულ ცხოვრებაში“, – წერს ის.
ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივები აგრძელებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონების სერიას, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში.
მისი თქმით, არსებული და დაგეგმილი რეგულაციები სერიოზულ კითხვებს აჩენს მათ შესაბამისობაზე კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმებთან.
“აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლება და შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა.“ – ნათქვამია განცხადებაში.