ვახტანგ გომელაური გადადგა. შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
გაზიარება
გაზიარება
გომელაური გადადგა
update: ვახტანგ გომელაურის გადადგომიდან ერთ საათში შს ახალ მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
გელაძე 2024 წლის იანვრიდან ამ დრომდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო.
28 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
“დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, – ასე ახსნა გადადგომა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.
გომელაური, რომელიც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” ხელუსიფლებაში სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურას, ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და მასთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული თანამდებობის პირი იყო.
როგორც გომელაური ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, იგი რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.
“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს,” – აღნიშნულია გომელაურის განცხადებაში.
49 წლის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გადადგომის შემდეგ შვილიშვილთან აპირებს დროის გატარებას:
“10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.”
გომელაური თავის განცხადებაში მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობას უხდის პრემიერ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს “რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა”.
ვახტანგ გომელაური „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად იგი 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.
გომელაური დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
შეგახსენებთ, რომ უკვე შვიდ თვეზე მეტია, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისსია – პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.