აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე დაასანქცირა
გაზიარება
გაზიარება
გოჩა ლორთქიფანიძის განცხადება
აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლე დაასანქცირა – საქართველოს მოქალაქე გოჩა ლორთქიფანიძე და მონღოლეთის წარმომადგენელი ერდენებალსურენ დამდინდი. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის კამპანიის ბოლო ნაბიჯი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელი-ჰამასის ომში ისრაელის ქმედებების გამოძიებაში არიან ჩართულნი.
ვაშინგტონის განცხადებით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს ICC-ის ქმედებებში, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების გამოძიებას, დაკავებას ან დევნას ეხებოდა ისრაელის თანხმობის გარეშე, მათ შორის, მხარი დაუჭირეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 15 დეკემბერს ისრაელის აპელაცია უარყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, სანქციები დაწესდა პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) 2024 წლის ნოემბერში გასცა დაპატიმრების ორდერები ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის წინააღმდეგ, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით.
მიმდინარე წლის ორშაბათს, ჰააგაში მდებარე სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა, დაბლოკილიყო ღაზასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, რომელიც ისრაელის მიერ შესაძლო დანაშაულებს ეხება.
აშშ აცხადებს, რომ არც შეერთებული შტატები და არც ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მხარეები და შესაბამისად, არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.
“ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს“, – განაცხადა რუბიომ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2020–2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის – სააპელაციო პალატის პრეზიდენტად 2024 წელს აირჩიეს.