მოსაზრება: ტრამპმა შექმნა "მშვიდობის საბჭო” და რეგიონის ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა - ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე
გაზიარება
გაზიარება
გიორგი ტუმასიანის მოსაზრება
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი რეგიონში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო დარჩენილია მოკავშირეების გარეშე. როგორც ექსპერტი განმარტავს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა “მშვიდობის საბჭო”, სადაც რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა.
ამასთნ, მისი თქმით, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის და მალე ტრანზიტს სომხეთი შეითავსებს. ტუმასიანი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩამოაშორა საქართველო გეოპოლიტიკურ პროცესებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, ახლო მომავალში სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის “მშვიდობის საბჭოში” მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი მიიწვია. მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით საქართველო მოწვეულთა შორის არ არის.
გიორგი ტუმასიანი: “დღეს სად ვართ? ტრამპმა შექმნა მშვიდობის საბჭო, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ [საქართველოზე] ტრანზიტი არ გაივლის, სომხეთსაც სურს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი გახსნას, სად არის საქართველო, რომელ პლატფორმაზე, რომელ დისკუსიაში, საერთოდ ვისი მოკავშირე ვართ? აზერბაიჯანს თურქეთი ჰყავს მოკავშირე, სომხეთი აშშ-სთან, ევროკავშირთან და ინდოეთთან ძალიან აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს.
სომხეთი და აზერბაიჯანი გაჩნდა, როგორც მნიშვნელოვანი რგოლი ცენტრალურ აზიაში ტრანზიტში და საქართველო სად არის, გეოპოლიტიკურ რუკაზე რა ფუნქცია გაგვაჩნია? ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩამოაშორა საქართველო გეოპოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ეს ისე კი არ გააკეთა, რომ რისკების მინიმალიზაციისთვის ყოფილიყო, არამედ რეალობას ვხედავთ, რომ დღეს საქართველო დარჩენილია მოკავშირეების გარეშე.
ალიევის განცხადება, რომ “ერთ დღესაც სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანის გავლით მოხდება“, გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველო არავისთვის სანდო არ არის.
“ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად უპრეცედენტო ზიანის მიყენება ხდება საქართველოს რეპუტაციისთვის, საერთაშორისო სანდოობისთვის, ლოჯისტიკური კავშირების მიმართულებით ნდობის და პარტნიორობის ფორმატების მიმართ, რომელიც დიდი ხანია არსებობს.
ამის მიზეზია ის, რომ როდესაც ვაცხადებთ, რომ მმართველი ძალა რუსეთის ინტერესების გამტარებელ ძალად არის ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ამას უყურებს როგორც შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რაც ასე ნამდვილად არ არის. ეს მათ შორის საგარეო პოლიტიკური მდგენელის მქონე მნიშვნელოვანი ფაქტორია.კერძოდ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნების და მარშრუტების მიმართულებით არვისთვის სანდო არ იქნება.“