გიორგი რურუას არ შევიწყალებ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და ის ოპოზიციური ტელეკომპანიის – “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის გამო 4-წლიანი პატომრობა მიუსაჯა, არ შეიწყალებს.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის მოწოდება პრეზიდენტისადმი, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
“მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა,” – განაცხადა სენატორმა რიშმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ და ვერაფერი მოახდენს.
„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები. შევიწყალე, როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები.
არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე. ჩავთვალე მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება.
დღეს, მე ამას არ გავიმეორებ. ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
• 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
პრეზიდენტის ამ განცხადების გახმოვანებამდე ჟურნალისტებს ამავე თემაზე ესაუბრა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მან გაბედული ნაბიჯი უწოდა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და რურუასთან დაკავშირებით ასეთი რამ თქვა:
“პრეზიდენტის პრეროგატივაა, შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
დღესვე, მანამდე, სანამ პრეზიდენტი გიორგი რურუას თაობაზე განცხადებას გააკეთებდა, მას რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტუმრობდა. რა თემაზე ისაუბრეს გახარიამ და ზურაბიშვილმა, მედიისთვის უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე და ოპოზიციონერი აქტივისტი, გიორგი რურუა, 2020 წლის 30 ივლისს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ნაწილი იყო.
მემორანდუმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ( ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული სისიტემით აირჩევს) და პოლიტპატიმრების – გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გირგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობდა.
ქართული ოცნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ოპოზიცია ცრუობს და ასეთი შეთანხმება ვერ შედგებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
დასავლელი პარტნიორების ზეწოლის და არაერთი კრიტიკული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. გიორგი რურუას შეწყალებაზე კი პრეზიდენტმა უარი თქვა.