"რუსული დეზინიფორმაციის გავრცელებისთვის" გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV დაასანქცირა
გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ეს ნიშნავს, რომ:
1) Asset Freeze (აქტივების გაყინვა) – ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
2) Trust Services Sanctions (დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია) – გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას;
3) Director disqualification (ტრასტთან დაკავშირებული მომსახურება) – კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომელთა თანახმად:
- უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურია;
- უკრაინა “დასავლეთის მარიონეტია“;
- უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა;
- უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, მსგავსი შინაარსის გავრცელება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც “უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით: “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “იმედი“ და POSTV ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.”
რას ნიშნავს ბრიტანული სანქციები
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური გზავნილი არ არის. ისინი ქმნის მყარ იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პირის ან კომპანიის პრაქტიკულ იზოლაციას ბრიტანული ფინანსური და ბიზნეს ეკოსისტემიდან, მათ შორის იმ ოფშორული სივრცეებიდანაც, რომლებიც ლონდონის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.
სანქციების პაკეტი, როგორც წესი, რამდენიმე მთავარ კომპონენტს მოიცავს: აქტივების გაყინვას, დირექტორული უფლებამოსილების ჩამორთმევას და ტრასტული მომსახურების აკრძალვას. თითოეული მათგანი ცალკე დარტყმაა; ერთად კი – კომპლექსური ბლოკადა.
აქტივების გაყინვა
ეს ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია. თუ პირი ან ორგანიზაცია მოხვდა სანქციების სიაში, ყველა მისი ფულადი სახსარი და ეკონომიკური რესურსი – საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება, აქციები – რომლებიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ან ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ, ავტომატურად იყინება.
პრაქტიკულად, ეს ნიშნავს ორ რამეს:
პირველი – დასანქცირებულ პირს აღარ აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე.
მეორე – ბრიტანულ კომპანიებსა და მოქალაქეებს (მათ შორის საზღვარგარეთ მყოფებსაც) ეკრძალებათ მასთან ნებისმიერი ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა.
ბანკები მათ ვეღარ ემსახურებიან, იურისტები ვერ აფორმებენ გარიგებებს, კომპანიები ვერ დებენ კონტრაქტებს.
სანქცია მუშაობს არა მხოლოდ როგორც ფინანსური შეზღუდვა, არამედ როგორც რეპუტაციული სიგნალი: სანქცირებულ სუბიექტთან ურთიერთობა მაღალი რისკის მატარებელია.
დირექტორის დისკვალიფიკაცია
ეს ზომა მიმართულია გავლენის შეზღუდვისკენ. დასანქცირებულ პირს ეკრძალება იყოს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი ან მონაწილეობა მიიღოს მის მართვაში, შექმნასა თუ პოპულარიზაციაში.
თუ ის უკვე იკავებს ასეთ პოზიციას, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ფორმალურად, ეს არის იურიდიული აკრძალვა; პრაქტიკულად – ბიზნესის მართვის ბერკეტების ჩამოშორება და რეპუტაციული ზიანის მიყენება. ლონდონის ფინანსურ სივრცეში დირექტორობის აკრძალვა ხშირად ნიშნავს საერთაშორისო ბიზნეს წრეებიდანაც გარიყვას.
ტრასტული მომსახურების აკრძალვა
სანქციების ეს ნაწილი ნაკლებად ხმაურიანია, თუმცა ხშირად ყველაზე ეფექტიანი. ბრიტანულ კომპანიებს – იურისტებს, ბუღალტრებს, ფინანსურ ინსტიტუტებს — ეკრძალებათ დასანქცირებული პირისთვის ტრასტების შექმნა ან მათი მომსახურება.
ტრასტი სამართლებრივი მექანიზმია, რომელშიც ერთი პირი მართავს ქონებას მეორის სასარგებლოდ. საერთაშორისო ფინანსურ პრაქტიკაში ის ხშირად გამოიყენება აქტივების სტრუქტურირებისა და გადასახადების ოპტიმიზაციისთვის. სანქციების პირობებში კი ტრასტული მომსახურების აკრძალვა ნიშნავს, რომ დასანქცირებულ პირს ეჭრება ერთ-ერთი მთავარი გზა – ქონების მესამე პირების მეშვეობით ფარულად მართვა ან სანქციებისთვის გვერდის ავლა.
ოფშორული განზომილება
ბრიტანული სანქციების მასშტაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი გეოგრაფიული გავრცელების გამო. გადაწყვეტილება ავტომატურად ვრცელდება არა მხოლოდ თავად გაერთიანებულ სამეფოზე, არამედ ზღვისიქითა ტერიტორიებზეც, ანუ იმ იურისდიქციებზე, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ოფშორულ ზონებად ითვლება.
მათ შორისაა:
- ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები
- კაიმანის კუნძულები
- ბერმუდის კუნძულები
სანქციები ასევე მოიცავს გიბრალტარის (ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან) ფინანსურ ჰაბს.
სწორედ ამ იურისდიქციებშია რეგისტრირებული ათასობით კომპანია და ტრასტული სტრუქტურა, რომლებიც გლობალურ კაპიტალს ემსახურება. ამიტომ, როდესაც ლონდონი სანქციებს აწესებს, მათი ეფექტი გაცილებით შორს აღწევს, ვიდრე ბრიტანეთის კუნძულების გეოგრაფიული საზღვრებია.
საბოლოოდ, ბრიტანული სანქციები მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი არ არის. ეს არის იურიდიულად დახვეწილი ინსტრუმენტი, რომელიც ერთდროულად ბლოკავს აქტივებს, ზღუდავს ბიზნეს-გავლენას და კეტავს ოფშორულ არხებს: ქმნის სისტემურ იზოლაციას იმ პირებისთვის, ვის მიმართაც გადაწყვეტილება მიიღება.