გაერო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ინსპექტორის სამსახურის გაუქმება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს გაუქმდა. პარლამენტმა უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო.
თავად ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი ყველაზე “არაევროპულ კანონს” ვეტოს დაადებდა, თუმცა 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ვეტო არ დაადო და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დაჩქარებულად, ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი, რომელიც დანაშაულებათა სიის გაფართოებას გულისხმობს, გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და ძირითადი მანდატისგან თანამშრომელთა ყურადღების გადატანას.
გაერო მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.
● არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი – ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
● ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის მთავარ ფუნქციებს შეადგენდა მიუკერძოებლად და ეფექტიანად დანაშაულების გამოძიება, “რომელსაც ჩაიდენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ან სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი.”
ამ სამსახურის მუშაობას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებდა და კანონში აღნიშნული იყო, რომ სამსახურის მიზანია “პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი”.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს ამოქმედდა, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში კი მმართველმა პარტიამ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. განხილვამდე მმართველ პარტიას შეხვდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისი თქმით თქმით, ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს კანონპროექტის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო ინსპექტორს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი თქმით, ქართულ ოცნებას მისი საქმის შესახებ ინსპექტორის დასკვნის ეშინია.