გადარჩენის პარკი
უკვე 25 წელია, რაც 55 წლის არმენ თადევოსიანი ყოველ დილას თავისი ზოობოტანიკური ბაღის ცხოველების გამოკვებით იწყებს. სიყვარულით ჩეხუტება ბაღის მკვიდრებს, გაესაუბრება, ჯამებს საკვებით შეუვსებს, კარგ დღეს უსურვებს და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებს სხვა საქმიანობას.
ეს ზოობოტანიკური პარკი, რომელიც ერევნიდან 45 კილომეტის მანძილზე, ქალაქ არმავირში მდებარეობს, არმენ თავდეოსიანმა თავად გააშენა. 25 წლის განმავლობაში ახარებდა 8 ჰექტარის ფართობზე ტყეს, სადაც 50-ზე მეტი სახეობის ცხოველს მოუყარა თავი.
‘ამ პარკის გაშენება ჯერ კიდევ მამაჩემმა დაიწყო,რომელიც მონადირე იყო. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მთლიანად ამ საქმეს მივუძღვენი თავი. ვცდილობ, პარკში რაც შეიძლება ცოტა გალია იყოს, ბავშვებმა ცხოველები ბუნებრივ მდგომარეობაში რომ ნახონ _ ბალახზე და ხეებზე მოსეირნეები’, _ ამბობს არმენ თადევოსიანი.ბავშვების ფსიქოლოგიას კარგად იცნობს _ ოთხი შვილის მამაა. ზოოპარკის მფლობელი ამბობს, რომ ამ ადგილს მან „გადარჩენის პარკი“ დაარქვა, იმიტომ, რომ აქ ის ცხოველები ბინადრობენ, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა.
თადევოსიანი აღიარებს, რომ ეს ცხოველები სხვადასხვა ადამიანებისგან ჰყავს ნაყიდი. ისინი ამ პარკის არსებობის შესახებ იგებენ და მფლობელს დათვის, ლომის ან მაიმუნის ყიდვას სთავაზობენ.
‘სომხეთში ბევრი მდიდარი ადამიანია, რომლებსაც სახლში გარეულ ცხოველები ჰყავთ. თავიდან უვლიან ამ ცხოველებს, მაგრამ მალე სწყინდებათ და მათ თავიდან მოშორებას ცდილობენ. ძნელია, ცხოველების მოვლა. დათვი რომ მოისქმებს, გალიას დროულად თუ არ დაალაგებ, სუნი დიდხანს იდგება. ზოგჯერ მდიდარი ადამიანის შვილს დაბადების დღეზე ლომის ბოკვერს ჩუქნიან. ერთხანს სახლში ჰყავთ, მაგრამ როდესაც ბეზრდებათ, გვიკავშირდებიან და ცხოველის წამოყვანას გვთხოვენ’.
ორი თვის წინათ „გადარჩენის პარკში“ აქლემი, მგელი და ორი მაიმუნი დასახლდნენ. ეს ცხოველები გადმოიყვანეს გიუმრის ზოოპარკიდან, რომელიც 2010 წლიდან გიუმრის ყოფილი მერის ძმას ეკუთვნოდა; ამჟამად კი საკვების, წყლისა და გამოსაზამთრებელი პირობების უქონლობის გამო, ეს ზოოპარკი დაიხურა.
‘მიმდინარე წლის იანვარში გიუმრის ზოოპარკის გარშემო დიდი აურზაური ატყდა. ბრიტანულმა გამოცემამ The Daily Mail გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყველაზე ცუდი ზოოპარკი მსოფლიოში“. სტატია იმ გაუსაძლის პირობებს აღწერდა, რომელშიც ცხოველებს უწევდათ ცხოვრება. ტექსტს ფოტომასალაც ერთვოდა _ შიმშილით სიკვდილისათვის განწირული მგლები და დათვები. ზოოპარკის მფლობელისგან უპატრონოდ მიტოვებული ეს ცხოველები სასაკლაოზე დაყრილი ნარჩენებით იკვებებოდნენ.
„გადარჩენის ბაღში“ მოხვედრამდე არმენ თავდეოსიანს ცხოველები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააბარეს:
‘მაიმუნები ძალიან გამხდრები იყვნენ, აქლემი ძლივს მოძრაობდა _ ორივე კუზი ლამის მთლიანად დამდნარი ჰქონდა. ახლა უკვე ნელ–ნელა უკეთ ხდებიან. მგელს იმდენ ხანს კვებავდნენ ვაშლით, რომ ხორცს აღარ ჭამს. ერთი განახათ, ვაშლს როგორ დაძგერება ხოლმე’.
Daily Mail-ის პუბლიკაციის შემდეგ ორი დათვი ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.
საინიციატივო ჯგუფ „ვიცავთ გიუმრის ზოოპარკის ცხოველებს“ წევრის, ეკოლოგ სილვა ადამიანის თქმით, ველური ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო ვალდებულება, სომხეთის ბუნების დაცვის ცენტრის ინიციატივით, ამ ზოოპარკის მკვიდრი დათვები რუმინეთში, ცხოველების სპეციალურ საშენ „ლიბეარტიში“ გადაეყვანათ იმ პირობით, რომ დათვები გამაჯანსაღებელ პროცედურებს გაივლდნენ და იქვე დარჩებოდნენ.
‘ამჟამად დათვები მიშა და მაშა ერევნის ზოოპარკში იმყოფებიან და ვეტერინარული შემოწმება უტარდებათ, რის შემდეგაც რუმინეთში გადაიყვანენ. ცხოველების ტრანსპორტირების, მკურნალობისა და კვების ხარჯებს ფონდი „ბრიჯიტ ბარდო“ კისრულობს’.
ამ ზოოპარკის სამი ლომი _ დედა მერი და მისი ორი ბოკვერი (ზიტა და გიტა) ჯერ კიდევ გიუმრიში იმყოფებიან.
სილვა ადამიანი აღნიშნავს, რომ ლომებს არარატის ოლქის ურცაძორის თემში, ცხოველების გადარჩენის ცენტრში გადაიყვანენ, რომელსაც ველური ბუნების დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდი აშენებს.
‘ამჟამად ლომები მკურნალობის კურსს გადიან და მათზე პროფესიონალები ზრუნავენ. იმდენი ურტყეს გალიას თავები, რომ შუბლები სულ დაიარებული აქვთ’.
გიუმრის ზოოპარკის გარშემო ატეხილმა ხმაურმა გამოაფხიზლა ბუნების დაცვის სამინისტრო, რომელიც ამ სფეროს აკონტროლებს. თავის მხრივ, ეკოლოგებმაც განგაში დასცეს. მათი აზრით, პრობლემის მიზეზი საკანონმდებლო ხარვეზებში უნდა ვეძებოთ.
ცხოველებისადმი მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაცია Propose-ის სომეხი წარმომადგენლის, ნარა არამიანის განცხადებით, მისმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2006 წელს წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის დაკანონებას ითვალისწინებს. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ხელისუფლებას პარლამენტში მსგავსი კანონპროექტი დღემდე არ განუხილავს.
‘დატყვევებული ცხოველების უფლებები დაცული უნდა იყოს. მათ უნდა ჰქონდეთ საკვების მიღების უფლება, დაზღვეულები იყვნენ სასტიკი მოპყრობისგან, ჰქონდეთ თავშესაფარი და თავიანთ ტერიტორიაზე თავისუფალი ქმედების საშუალება. სომხეთში ბევრი ცხოველია ტყვეობაში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. არც ისაა გარკვეული, თუ სად, ვისგან და რის საფუძველზე შეიძინეს ეს ცხოველები და ვინ მისცა მათ მფლობელებს მსგავსი საქმიანობის უფლება. ეს სერიოზული პრობლემაა. გამოდის, რომ ყველას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს’.
ბუნების დაცვის მინისტრის პრესმდივანმა, თემინე არზუმანიანმა აღნიშნა, რომ გარეული ცხოველების მოვლისათვის ლიცენზირების სპეციალური სისტემა არ არის დაწესებული.
‘დღემდე ამ სფეროს არეგულირებდა მთავრობის 2009 წლის დადგენილება № 725-Н ‘მოვლის წესების განსაზღვრის, სრულ, ან ნაწილობრივ ტყვეობაში მყოფი ცხოველების (მ.შ. სომხეთის „წითელ წიგნში“ შეყვანილი სახეობების) გამოყენების შესახებ’. ამ რეგულაციის მიხედვით, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, ცხოველებისთვის გარკვეული ფართია განსაზღვრული“.
ბუნების დაცვის სამინისტროს ბიორესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი, სევაკ ბალოიანი ამბობს, რომ სამინისტრო კერძო ზოოპარკებს აკონტროლებს და იმ შემთხვევებში, როდესაც ცხოველების გალიები და, ზოგადად, მათი საცხოვრებელი პირობები საჭირო ნორმებს არ შეესაბამება, მესაკუთრეები ჯარიმდებიან.
“თუმცა, კანონში ზოოპარკის მფლობელების პასუხისმგებლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. საკანონმდებლო ბაზას გარვეული ხარვეზები აქვს და ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა’.
ის ცხოველები, რომლებიც სომხეთში სრულ, ან ნაწილობრივ ტყვეობაში იმყოფებიან, არ არიან რეგისტრირებულნი. ბუნების დაცვის სამინისტროს არც ცხოველების შესახებ აქვს სათანადო ინფორმაცია, და არც _ ზოოპარკების.
ექსპერტ-იურისტი მერი ხაჩატრიანი, რომელიც სამუშაო ჯგუფს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიწვევით შეუერთდა, აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნება კანონს „ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“, რომლის მეშვიდე მუხლის მეოთხე ნაწილიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, სათანადო გადაწყვეტილებები მიიღოს.
‘მე შევისწავლე კანონი „ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ და აღმოვაჩინე, რომ ამ დოკუმენტის მეშვიდე მუხლის მეოთხე ნაწილი ჯერ კიდევ 2010 წლის 2 თებერვალს იქნა ბათილად ცნობილი. ამდენად, გადაწყვეტილებამ, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიიღეს, უკვე 2010 წელს დაკარგა ძალა. მაშინ, როდესაც ეს რეგულაცია მოქმედებს და მასში ცვლილებების შეტანასაც აპირებენ. ეს სფერო უნდა დარეგულირდეს კანონით ცხოველების შესახებ და ცვლილებები კანონს უნდა შეეხოს, და არა _ გადაწყვეტილებებს’.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა გზა საბაჟომდე მიდის, მერი ხაჩტრიანი ფიქრობს,რომ კარგი იქნება, თუკი სამუშაო პროცესში ფინანსთა სამინისტროც ჩაერთვება, რომელიც საზღვარზე იმპორტსა და ექსპორტს აკონტროლებს.
ბუნებრივია, ლომი სომხეთში არ იბადება. ეს ცხოველი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს აქ და ისიც მხოლოდ ზოოპარკებში ან ვინმე ოლიგარქის მამულში. სომხეთი ცხოველების მიგრაციის ქვეყანაა. რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის ტერიტორიაზე ებოლას ვირუსით ინფიცირებული ორი მაიმუნი აღმოჩნდა, თუმცა, ამ შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირი ვერ გამოვლინდა და ვერ ის დადგინდა, თუ ვინ და როგორ ჩამოიყვანა მაიმუნები’.
ეგზოტიკური პარკი “ჯამბო“, რომელიც კოტაიქის ოლქში, სოფელ ძორახპიურში მდებარეობს, ცნობილია იმით, რომ აქ ბევრი მაიმუნი ბინადრობს. პარკის დირექტორი არტემ ვარდანიანი ამბობს, რომ ბევრი ცხოველებს ამბიციების დასაკმაყოფილებლად იფარებს, სხვა ბობოლებს რომ არ ჩამორჩნენ.
‘გიუმრის შესახებ ყველამ გაიგო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთში ბევრი ასეთი ადგილია. მე მაიმუნებს საუკეთესო პირობები შევუქმენი. ჩემი შიმპანზეს საცხოვრებელში უფრო თბილა, ვიდრე ჩემ სახლში. მისი რაციონი მკაცრად კონტროლდება. ხილი და ვიტამინები ყველგან და ყოველთვის! ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ცხოველების მოვლა სურს და ამისათვის სათანადო პირობებს ქმნის, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუკი ცხოველებს ჩიპებს მიამაგრებენ, რომელთა საშუალებითაც პატრონის მოძებნა და პასუხისგებაში მიცემა იქნება შესაძლებელი. უნდა აღრიცხონ ის გარეული ცხოველები, რომლებიც აქ ბინადრობენ’.
არმენ თადევოსიანი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ცხოველებს მიუძღვნა. იგი მათ ადამიანებისგან, იმ პატრონებისგან იცავდა, რომლებიც უმწეო არსებებს უპატრონოდ ყრიდნენ.
იგი დათვების გალიასთან მიდის, 22 წლის მშუნსა და 14 წლის მაშას ესალმება და ვაშლებით პირის ჩატკბარუნებას სთავაზობს.
‘როდესაც მაშა მოიყვანეს, 5 კილოგრამს იწონიდა და ფეხი ჰქონდა დაზიანებული.აღარ სჭირდებოდა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა. ვუვლიდი და ვმკურნალობდი. არ მაინტერესებს, რა შეიცვალა კანონში, მთავარია, ჩემი ცხოველები იყვნენ კარგად. არ ვიცი _ რატომ, მაგრამ ეს მხეცები ძალიან მიყვარს’, _ ამბობს თადევოსიანი.