საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 24.52% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 73.82 მილიონი დოლარი, რაც 26.61%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისთან შედარებით.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია, მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.