საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ
ფინეთსა და კვიპროსში დასაქმება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები ფინეთსა და კვიპროსშიც ლეგალურად დასაქმდნენ. როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, ამ საკითხზე ფინეთსა და კვიპროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგები დაიდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება.
“ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა.“ – განაცხადა ბარკალაიამ.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალური დასაქმება შეეძლებათ
● საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ
საქართველოდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველები 2021 წლის პირველი აპრილიდან გაემგზავრნენ. 100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანი ჩავიდა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
თუმცა, გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობდნენ, რომ ადგილზე ჩასულებს შეუსაბამო პირობები დახვდათ. როგორც “ფორმულას” სიუჟეტიდან ირკვევა, დასაქმებულების ხელფასი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს კონტრაქტში წერია. პრობლემაა კვებაც. ასევე, ცუდი პირობებია საცხოვრებელშიც – ქართველების თქმით, საცხოვრებელი პირობები შეუსაბამოა და რამდენიმე კვადრატულ მეტრში 24-მდე ადამიანს უწევს ყოფნა. როგორც ისინი აღნიშნავენ, არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში ეწერა.
2021 წელს, გერმანიის შემდეგ ისრაელი გახდა მეორე ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ დასაქმება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეეძლებათ. ეს არის დაწესებულებები, სადაც ასაკიან, ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებების მქონე პირებს უვლიან.