ფილიპინელები სომხეთში
2017 წელს სომხეთს დაახლოებით 5 მილიონი ტურისტი ეწვია. ოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,7%-ით აჭარბებს, და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. ვიზიტების რაოდენობით რუსები ლიდერობენ, თუმცა, ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკის მხრივ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ამ მაჩვენებლით ფილიპინელები ლიდერობენ. გასული სამი წლის მანძილზე სომხეთში ფილიპინელთა ნაკადი 32,65-ჯერ გაიზარდა. 2014 წელს ქვეყანაში 674 ფილიპინელი ტურისტი ჩამოვიდა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 22 007 ადამიანით განისაზღვრა.
მარილაგნერების ოჯახი ფილიპინებიდან ჩამოვიდა, ერევანში კერძო სახლი შეიძინა და ეს ფართი სასტუმრო სახლად აქცია. ფოიეს ერთ-ერთ კუთხეში ჯერაც ნაძვის ხეა აღმართული.
«საკმაოდ დიდი ხანი და დიდი სიამოვნებით აღვნიშნავთ შობას», – სიცილით აღნიშნავს ბიზნესის ხელმძღვანელი, 26 წლის რენატო.
პირველად სომხეთს 2016 დეკემბერში ეწვია. იმ პერიოდში რენატო დუბაიში ცხოვრობდა – ციფრული მარკეტინგით იყო დაკავებული და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობდა.
«ჩემმა სიძემ შემომთავაზა, მოდი, სომხეთში ჩავიდეთ და რაიმე ბიზნესი წამოვიწყოთო. წამოვიწყოთ, რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. იმ წელს სომხეთში დიდთოვლობა დაფიქსირდა. ფილიპინელების სამშობლოში თოვლი არ მოდის. ეს ქვეყანა ძალიან აინტერესებთ», – ამბობს ჰოსტელის თანადამფუძნებელი.
რენატო აცხადებს, რომ მის სტუმრებს სომხეთის ყოფა და კულტურა იზიდავთ. ამას გარდა, კათოლიკე ფილიპინელებს პირველი ქრისტიანული ქვეყნის სულიერი მემკვიდრეობის ძეგლებიც აინტერესებთ.
მაგრამ იგი უმალვე ააშკარავებს ფილიპინური ბუმის რეალურ საიდუმლოს და ბევრად უფრო პროზაულ მიზეზს ასახელებს. მისი თანამემამულეები კავკასიის ქვეყნებში უბრალოდ არარატის მთისა და შუა საუკუნეებში აგებული ტაძრების სანახავად არ ჩამოდიან.
ბევრი ვიზიტორი სპარსეთის ყურის ქვეყნებში (არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყატარში და ა.შ.) მუშაობენ. საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ამ სახელმწიფოებში მუშაობის უფლების არმქონე ფილიპინელები პერიოდულად ტოვებენ საცხოვრებელ ქვეყნებს და შემდეგ უკან ბრუნდებიან.
ადრე ამ მიზნით სინგაპურში, შრი-ლანკაში, ნეპალში ჩადიოდნენ, ან სამშობლოში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს „პროცედურა“ მეტისმეტად დიდ დროს მოითხოვს და დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, სომხეთის სახით მათ ახალი მიმართულება აღმოაჩინეს. დუბაიდან სომხეთში ჩამოსასვლელად სამი საათია საჭირო. ორივე მიმართულების ბილეთი დაახლოებით 300 დოლარი ღირს.
«თავიდან ძალიან გვიჭირდა ადგილობრივებთან ურთიერთობა. ბევრმა – განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებმა – ინგლისური არ იცის და მხოლოდ სომხურად ან რუსულად ლაპარაკობს. არ ვიცოდით, როგორ გვესაუბრა მათთან, მაგრამ ახალგაზრდები გვეხმარებოდნენ.
ზოგადად, სომეხი ხალხი თავაზიანობითა და გულისხმიერებით გამოირჩევა და მაშინაც კი ცდილობს, დაგეხმაროს, როდესაც შენი ენა არ ესმის. მაგალითად, ერთხელ მოგვშივდა და სწრაფი კვების ობიექტის ძებნა დავიწყეთ. ორ გამვლელ ყმაწვილს ვთხოვეთ, გზა ესწავლებინათ. ახალგაზრდებმა ვერ აგვიხსნეს, სად მდებარეობდა ის ობიექტი, რომელსაც ვეძებდით, მაგრამ სამაგიეროდ თავად მიგვაცილეს დანიშნულების ადგილამდე», – ამბობს რენატო.
მისი აზრით, სომხებსა და ფილიპინელებს ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგალითად, განსაკუთრებული დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, ლუდის სიყვარული და სამზარეულო; «თქვენს სამზარეულოში საქონლის სუპი აღმოვაჩინე… რა ჰქვია? ხაში! მსგავსი კერძი ჩვენს სამზარეულოშიც მოიპოვება – განსხვავება მხოლოდ საკმაზშია. თქვენ სუპს ნიორს ამატებთ, ჩვენ კი – მარცვლეულსა და სუნელებს. და, ამას გარდა, ფილიპინელები საქონლის სუპს (ბულალოს) მეტწილად საღამოობით, ვახშმის დროს მიირთმევენ, და არა დილით, როგორც თქვენ».
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო ტურისტებად იმ პირებს მიიჩნევს, რომლებიც საცხოვრებელი ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოში მიემგზავრება – დასასვენებლად, სამკურნალოდ, ნათესავების მოსანახულებლად და „საქმიანი, რელიგიური, ან სხვა მიზეზებით“. ვიზიტის პერიოდი (ვადა) 24 საათს უნდა აჭარბებდეს, მაგრამ 1 წელიწადზე ნაკლები უნდა იყოს და ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტორმა ქვეყნის საზღვარი არ უნდა გადაკვეთოს.
ფილიპინელი ტურისტების უმრავლესობა მაქსიმუმ სამი დღით რჩება სომხეთში. ამ პერიოდის მანძილზე რენატო ცდილობს, ტურები მოუწყოს თავის სტუმრებს. იგი ვიზიტორებს ღირშესანიშნაობების მონახულებაში ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში მათთვის ავტომობილს უკვეთავს და, რა თქმა უნდა, ღამის გასათევს სთავაზობს.
«ჩამოდიან და მეუბნებიან, კუია (უფროსი ძმა ფილიპინურად), ხვალ დილისთვის ტური შემიკვეთე, სომხეთის ნახვა მინდაო. როდესაც დუბაიში ბრუნდებიან, დანარჩენებს მოუწოდებენ, სომხეთში ჩადით, იქ წელიწადის ოთხივე სეზონი აქვთო. ბევრი მათგანი ერევნიდან ავტომობილით ჩადის საქართველოში, ერთი დღის შემდეგ უკან ბრუნდება და შემდეგ დუბაიში მიფრინავს», – ამბობს ის.
ბიზნესის გაფართოების სურვილი მისი წარმატების ნიშანია. წელს რენატო და მისი მეგობრები უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან (მ.შ. ევროპიდან, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან). მათ უკვე იქირავეს შესაბამისი ფართი ერევნის ცენტრში, სადაც ძალიან მალე მათი ჰოსტელის ფილიალი გაიხსნება.
2017 წელს სომხეთში ჩამოსული ტურისტების უდიდეს ნაწილს (39,7%-ს) რუსები შეადგენდნენ. ლიდერებს შორის ქართველები (21,8%) და ირანელებიც (15%) აღმოჩნდნენ. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი გათვლებით, 2022 წლისთვის ტურისტების რაოდენობა 3 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.