კობახიძე სუპერმარკეტების ფასნამატზე საუბრობს და კარტელური შეთანხმების რისკზე მიუთითებს
ფასები სუპერმარკეტებში
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები რიგ შემთხვევებში ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება და ამ განსხვავების შესაძლო მიზეზად ქსელური მარკეტების საქმიანობაში მაღალი ფასნამატი და კონკურენციის დარღვევის რისკი დაასახელა, რის გამოც სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე სპეციალურ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, რომელიც პროდუქტების ფასებს გამოიძიებს.
დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოების უკმაყოფილება ფასებთან დაკავშირებით საფუძვლიანია. მისი თქმით, მთავრობის მიერ ჩატარებული შედარებითი ანალიზის მიხედვით, საქართველოში და ევროპის ქვეყნებში ერთი და იმავე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციის ფასებს შორის სხვაობა ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია. მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით, საქართველოში მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.
“ოცნების” პრემიერის თქმით, ფასთა სხვაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების მაღალი ფასნამატია, რომელიც პროდუქტის საქართველოს საზღვრიდან მომხმარებლის დახლამდე მისვლამდე საშუალოდ 86%-ს აღწევს. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედი მსხვილი საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 2%-ია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპერირების ხარჯები – იჯარა, ხელფასები და კომუნალური გადასახადები – მნიშვნელოვნად უფრო მაღალია.
კობახიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაღალი ფინანსური ტვირთის გამო, ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანი ხდება პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ვიდრე მისი რეალიზაცია ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში. შედეგად, ქართულ სუპერმარკეტებში ხშირად ჭარბობს იმპორტირებული პროდუქცია, მაშინ როდესაც, მთავრობის შეფასებით, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესი ადგილობრივი წარმოების წახალისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა.
კობახიძის განმარტებით, პრობლემას ამწვავებს ქსელური მარკეტების სწრაფი გაფართოებაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა და დღეს 100 ათას მოსახლეზე 113 მარკეტი მოდის — მაშინ როცა გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45-ია, ავსტრიაში კი 62. მისი თქმით, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები საბოლოოდ პროდუქციის ფასში აისახება.
მთავრობის წინასწარი ანალიზი მიუთითებს რამდენიმე პრაქტიკაზე, რომელიც მაღალ ფასნამატს განაპირობებს — მათ შორის ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში პროდუქციის შესატანად დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისა და მწარმოებლებისთვის გადახდების გაჭიანურება, ახალი ფილიალების გახსნის ხარჯების ფასში ასახვა და სხვა. კობახიძის განცხადებით, არსებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ ბაზარზე შესაძლოა შეთანხმებული, კარტელური ქმედებები ხორციელდებოდეს, რაც დამატებით სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობას გააძლიერებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების წარმომადგენლებთან ფასების შემცირების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებს. ამასთან, მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ, იკვეთება თუ არა კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ხოლო პარლამენტს შესთავაზა, საკითხის შესაფასებლად სპეციალური საპარლამენტო კომისია შექმნას.
კომენტარი
ფინანსტი და ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა.

რომან გოცირიძე: “კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ.
სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ, შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.“