„ევროკავშირში შესვლა აკრძალულია“: ვაქცინაციის სომხური სერტიფიკატები აღიარებული არ არის
სომხეთის მოქალაქეების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია. ელექტრონული სისტემა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული, ჯერჯერობით ვერ ცნობს სომხეთში გაცემულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებსა და QR-კოდებს. ამიტომ, ისინიც კი, ვინც მაინც ახერხებენ შესვლის უფლების მიღებას, ვერ შედიან დახურულ შენობებში – მაგალითად, კინოთეატრებსა და კაფეებში.
სომხეთში ამ დროისთვის გამოიყენება შემდეგი ვაქცინები – Sputnik V, Sinopharm, Spikevax და Moderna. ყველა შემთხვევაში ვაქცინირებულებს ეძლევათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ქვეყანაში – ხორვატიაში, სერბეთში, საქართველოში, ერაყსა და ეგვიპტეში.
სომხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან მოყოლებული, 10 ოქტომბრის მონაცემებით, აიცრა 514 241 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ამ დრომდე ვაქცინირებულია სომხეთის მოსახლეობის მხოლოდ 3,5-4%.
12 ოქტომბერს დადასტურდა კორონავირუსით გარდაცვალების სარეკორდო დღიური მაჩვენებელი – 41 შემთხვევა, მათ შორის მხოლოდ ერთი იყო ვაქცინირებული. 18 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა – 5 805 ადამიანს შეადგენს.
რატომ არ აღიარებენ ევროპის ქვეყნები სომხეთში გაცემულ „მწვანე პასპორტებს“, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება და როდის გადაიჭრება საკითხი საბოლოოდ? ამ მასალის ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუშალა ამ პრობლემამ ხელი ევროპაში პროფესიულ ტრენინგზე დასწრებაში.
- ვაქცინაციის პირადი გამოცდილება – ყველა დეტალი. ვიდეობლოგი სომხეთიდან
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – ქუჩაში, ქალაქის ცენტრში. ვიდეო ერევნიდან
„ვწუხვართ, თქვენი ვიზიტი სტოკჰოლმში ვერ შედგება“
9 სექტემბრიდან, ევროკავშირში მიღებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტების მიხედვით, სომხეთი კვლავ სახიფათო „წითელ ზონაში“ აღმოჩნდა. ეს COVID-19-ის „დელტა“ შტამის გავრცელების მაღალი მაჩვენებლისა და ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო მოხდა.
და სანამ სომხეთში ინფექციის დაძლევის დადებითი დინამიკა არ შეინიშნება, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა სომხეთის მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას.
ამასობაში, შერჩევის რამდენიმე რთული ეტაპი გადავლახე და შვედეთში, ჟურნალისტთა ტრენინგში მონაწილეთა ჯგუფის შემადგენლობაში მოვხვდი. შვედეთის უნივერსიტეტიდან გამომიგზავნეს ოფიციალური მიწვევა, თვითმფრინავის ბილეთები და საბუთები, რომელიც საცხოვრებლის ჯავშანს ადასტურებდა. მხოლოდ ვიზის მიღებაღა დამრჩა.
„წითელი ზონის“ მცხოვრებისთვის შვედეთში შესვლის პროცედურა მარტივია: საჭიროა სერტიფიკატის ქონა, რომელიც ადასტურებს, რომ სრულად ვაქცინირებული ხართ და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
ისე ჩანდა, რომ აქ არანაირი პრობლემა არ შეიძლებოდა შემქმნოდა. მე ჯერ კიდევ მაისში ავიცერი, როდესაც გამოაცხადეს, რომ AstraZeneca „ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად შესვლას უზრუნველყოფდა“, მაგრამ ჟურნალისტური ინსტინქტები მკარნახობდა, რომ პრობლემები იქნებოდა და ყველაფერი უნდა გადამემოწმებინა.
თავდაპირველად გადავწყვიტე დავრწმუნებულიყავი, მართლაც იყო თუ არა ჩემი მონაცემები სომხეთის ჯანდაცვის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემა ARMED-ში შეტანილი.
აღმოჩნდა, რომ შეტანილი იყო და „მწვანე პასპორტი“ მაქვს, ანუ QR-კოდი, რომელიც ადასტურებდა, რომ ვაქცინის ორივე დოზა მიღებული მქონდა. შემდეგ ეს სერტიფიკატი შვედეთში გავგზავნე და ერთი დღის მერე ოფიციალური პასუხი მივიღე:
„ვწუხვართ, მაგრამ თქვენი ვიზიტი სტოკჰოლმში ვერ შედგება. წარმოდგენილი სერტიფიკატი და QR-კოდი არ შესაბამება ევროპულ სტანდარტებს“.
ვინ არის დამნაშავე?
ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც პასუხისმგებელია მთელ ვაქცინაციის პროცესზე, უკვე საქმის კურსში იყვნენ, რომ სომხეთის მოქალაქეებს ასეთი პრობლემები ექმნებოდათ. მათ შემომთავაზეს რაიონულ პოლიკლინიკაში ფურცელზე დაწერილი დოკუმენტის აღება – ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, რომელსაც პოლიკლინიკის ხელმძღვანელის ხელმოწერა ექნებოდა და ბეჭდით იქნებოდა დამოწმებული.
ამასთან, სამინისტროს თანამშრომლები მაინც არ იყვნენ სრულიად დარწმუნებულები იმაში, რომ ეს პოლიკლინიკაში გაცემული დოკუმენტი, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შესვლის გარანტიას იძლეოდა. თუმცა, დღეისათვის სომხეთის ხელისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს სახით, სხვა არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია.
QR-კოდთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ
სომხეთში ვაქცინირებული მოქალაქეების მონაცემები შედის სისტემა ARMED-ში, ადამიანი შესაბამის QR-კოდს იღებს, რომლის სკანირების შემთხვევაშიც შესაძლებელია გაიგოთ, როდის და რამდენი დოზით არის კონკრეტული პიროვნება აცრილი.
სხვათა შორის, ქვეყნის მოქალაქეებს არასწორი წარმოდგენები შეექმნათ QR-კოდებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. უმრავლესობისათვის სომხეთში ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ვაქცინის შემთხვევაში ის გაიცემა, მეორის შემთხვევაში – არა. თუმცა, სომხეთში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით აცრის შემთხვევაში ყველა იღებს შესაბამის QR-კოდს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვაქცინა არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ – როგორც, მაგალითად, Sputnik V.
ევროკავშირმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შექმნა სისტემა EU digital covid certificate, რომელიც ქვეყნებს სხვა სახელმწიფოებში გაცემული QR-კოდების ამოცნობის შესაძლებლობას აძლევს. და საქმე ისაა, რომ სომხეთი ჯერჯერობით ამ სისტემაში შეტანილი არ არის.
ARMED-მა უკვე სრულად დაასრულა EU digital covid certificate-ის სისტემასთან ინტეგრაციის ტექნიკური სამუშაოები და ახლა ევროკავშირის პასუხს ელოდება, ამბობს „ელექტრონული ჯანდაცვის ეროვნული ოპერატორის“ დირექტორი, ავეტ მანუკიანი:
„ეს ავტორიზაციის საკმაოდ რთული პროცესი იყო, რომელიც სრულად გავიარეთ და დავამთავრეთ. ახლა ჩვენგან აღარაფერია საჭირო, მოლოდინის რეჟიმში ვართ – როდის გვეტყვიან, რომ პროგრამა მზად არის“.
სავარაუდოდ, პროცესი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
ჯერჯერობით EU digital covid certificate-ის სისტემას მიერთებულია ევროკავშირის 27 ქვეყანა და 16 არაწევრი სახელმწიფო.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს
ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად აღიარებაზე მოლაპარაკებებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
JAMnews-ის კითხვაზე უწყებაში გვიპასუხეს, რომ სომხეთში გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების პროცესი 25 ივლისს დაიწყო და ხორციელდება ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების გზით – ურთიერთაღიარების პრინციპით.
სამინისტროდან გვაცნობეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ბევრი ქვეყანა დიდი სიფრთხილით ეკიდება და არ ჩქარობს უცხოელებისთვის შესვლისა და გასვლის რეჟიმის გამარტივებას, სერტიფიკატების უერთიერთაღიარების ჩათვლით.