ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გირაო გადაიხადა
ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად 40 000 ლარი გირაო გადაიხადა. ის ციხეს სავარაუდოდ 72 საათის განმავლობაში დატოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობა ავრცელებს
“დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. მათი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს.
ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვეროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა ხელი მოაწერა.
ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.
პარლამენტში ამჯერად ორი ამნისტიის კანონპროექტია დაინიცირებული, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. კონონპროექტი უკვე დააინიცირა ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე ოპოზიციამ.
შარლ მიშელის დოკუმენტი
18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წინადადებების ახალი პაკეტი შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.
დოკუმენტს ჰქვია “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება ბოლო დოკუმენტისგან, რომელიც შარლ მიშელის წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს წარუდგინა ოპოზიციას.
სიახლეები ეხება ორ ყველაზე მნიშვნელოვან და მხარეებს შორის ყველაზე შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს (ნიკა მელია და გიორგი რურუა) და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა რიგგარეშე ჩატარებასაც ითხოვს ოპოზიცია.
ახალი წინადადების შესათანხმებლად 18 აპრილს ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, მმართველი პარტიის გარდა. მოგვიანებით მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხელისუფლება “მზად არის” მიშელის წინადადებების განსახილველად.
“საქართველოს გაუმარჯოს, ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ხელმოწერას კრიზისიდან გამოსავლელად”, – დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე მას შემდეგ, მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, თუმცა ამ პარტიების ცალკეულმა თუ ყოფილმა წევრებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს – ასეთია სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.
________________________________
● გიორგი რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა. მან ციხე უკვე დატოვა
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
● მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს
________________________________
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელია ყოფილი მმართველი გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ეს პარტია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, რადგან მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი ალბათობით, ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ.
ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილვის საქართველოში ვიზიტის გამო პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
2019 წელს სასამართლომ მელია არ დააკავა. ის 30 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ხელზე ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომლის ტარების ვალდებულება ჰქონდა, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ თუ სად გადაადგილდებოდა იგი.
2020 წლის ნოემბერში, აქციაზე, რომელზეც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მელიამ დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად მოიხსნა სამაჯური და მას უსამართლობის სიმბოლო უწოდა.
საპასუხოდ ოპოზიციონერს გირაოს თანხა კიდევ 40 ათასი ლარით გაუზარდეს, რომლის გადახდაზეც მან უარი თქვა. სწორედ გირაოს გადაუხდელობა გახდა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველი და საქართველოს საერთშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებდნენ საქმეში არსებულ სამართლებრივ პრობლემებზე და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საქართველოს მეგობარი ქვეყნის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი იყო ჩამოსული, რომელიც მისი თქმით, ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ მელიას დაპატიმრებას უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დანიელსონი საქართველოში მეორეჯერაც ჩამოვიდა, თუმცა მოლაპარაკება ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ჩიხიდან გამოსავალი ისევ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იპოვა – ამნისტია ან გირაო, რომელსაც ნიკა მელიას თავად ევროკავშირი გადაუხდის.
ასევე, დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებით ციხე დატოვა “მთავარი არხის” მეწილემ, გიორგი რურუამ.
კომენტარები
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ევროკავშირმა გირაოს გადახდით ოფიციალურად თქვა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.
„ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.
ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.