ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას.
მაკალისტერი ასევე ხაზს უსვამს, რომ ე.წ. უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახის ღირებულებებისა და უმცირესობის კანონის, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების უკან გაწვევის გარეშე, ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება.
“ამ ახალი კანონების მიღება ევროსაბჭოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაცემული 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ სამში საქართველოს პოზიციის უკან დახევას იწვევს.
ვხედავთ, უკუსვლას დეზინფორმაციის, პოლარიზაციის და ფუნდამენტური უფლებების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით. ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო ევროსაბჭოს რეკომენდაციებში და ორი აზრი არ არის, რომ ამას უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
[რაც შეეხება არჩევნებს] არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და მისი გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში. ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას.” – ამბობს მაკალისტერი.
10 ოქტომბერს ვაიმარის სამკუთხედის წევრმა ქვეყნებმა, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი ქმედებები.
განცხადების თანახმად, სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მიმდინარე ქმედებების კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებენ. მინისტრების თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ დგას.
მანამდე ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს “საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.
ამასთან, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ “კრიზისსა” და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის “ძირის გამოთხრაში”, ასევე ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში.