გაზი, სირიელი ლტოლვილები და სანქციები ლუკაშენკოს წინააღმდეგ. როგორ აიყვანა კვიპროსმა ევროკავშირი მძევლად
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის 40 მაღალი თანამდებობის პირის სია შეათანხმეს, რომელთა მიმართაც სანქციები უნდა დაწესდეს არჩევნების გაყალბებისა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების გამო. თუმცა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა – სულ სხვა საკითხის გამო, რომელიც ბელარუსს არანაირად არ უკავშირდება.
ბრიუსელში რუსული “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტის ინფორმაციით, სანქციებს 26 მინისტრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს კვიპროსის წარმომადგენელი იყო. ევროკავშირის წესების თანახმად, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთხმად შეიძლება.
ამავე დროს, კვიპროსი სავსებით ეთანხმება ევროკავშირის სხვა წევრებს ბელარუსში მომხდარი მოვლენების შეფასებისას. მაგრამ ის აყენებს პირობას: ის ხმას მისცემს სანქციებს, თუ ევროკავშირი დაგმობს თურქეთის ქმედებებს ხმელთაშუა ზღვაში.
რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
ბელარუსი: ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს და „რეფორმებს“ გვთავაზობს
რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
საუბარია კონფლიქტის შესახებ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გიგანტური გაზის საბადოს გარშემო. მასში ჩართული არიან ერთი მხრივ კვიპროსი და საბერძნეთი, მეორე მხრივ კი თურქეთი. ორივე მხარე ერთმანეთს ამ საბადოზე გაზის მოპოვების უფლებას ეცილება.
გიგანტურმა გაზის საბადომ გამოიწვია კონფლიქტი თურქეთსა და საბერძნეთს შორის. მასში ჩაერთვნენ რეგიონის სხვა ქვეყნები, თურქეთს ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანი უჭერს მხარს
ევროკავშირი ცდილობს თავი აარიდოს თურქეთთან დაპირისპირებას. მთავარი მიზეზი ისაა, რომ თურქეთში სირიიდან დაახლოებით 3 მილიონი ლტოლვილია. ევროპის მხრიდან არასასურველი ქმედებების შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იმუქრება, რომ მათ აღარ შეაკავებს, რის გამოც ლტოლვილთა ნაკადი ევროპას მიაწყდება. ამის ყველას ეშინია, უპირველეს ყოვლისა გერმანიას, რომელიც ახლა ევროკავშირის პრეზიდენტია.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბარელმა განაცხადა, რომ ”ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების საკითხი მძევლად იქნა აყვანილი” და აღნიშნა, რომ ახლა ამ საკითხის გადაწყვეტა მისი ”პირადი პასუხისმგებლობაა”.
ამ კვირაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების საკითხს, რომელიც ახლა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში გაზის კონფლიქტს უკავშირდება, თურქეთისა და საბერძნეთის სამხედრო დელეგაციები ნატო-ს შტაბ-ბინაში განიხილავენ, შემდეგ კი – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები.