"ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია", - ჯოზეფ ბარელი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბარელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, ეს კანონი საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა. ის მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოაგდოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს.
“ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბარელის გარდა უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურნენ საერთაშორისო დიპლომატიის სხვა წარმოამდგენლებიც. გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებს:
კანონპროექტი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის სწრაფვას იცხოვროს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ედგარს რინკევიჩსმა, ურმას რეინსალუმ და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ. მათ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, პატივი სცეს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.
- უცხოელი გავლენის აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, სპეცრაზმმა აქციაზე წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის – აშშ-ს საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 7 მარტს უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებამდე გააკეთა უპრეცედენტო განცხადება, სადაც ნათლად განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – წერია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადება
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ინდივიდებზე, ვინც შეიძლება გახდნენ აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქცირებულნი, მაგრამ ჩვენ არაერთი ბერკეტი გვაქვს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერ პირს მსოფლიოს გარშემო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების შეზღუდვაზე.
ძალიან ბევრი ნორმაა, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონსა და განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, მხედველობაში მივიღებთ, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქართველი ხალხის სურვილს და იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი უნივერსალური უფლებების ფარგლებში,“ — აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი.
ეს კანონი დაფუძნებულია რუსეთის ინტერესებზე – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე
“ცალსახად, ეს კანონი დაფუძნებულია რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესია, იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
ეს კანონი ამას არ ემსახურება, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არჩევანია საქართველოსთვის და რაც მთავარია, ქართველი ხალხი არ ფიქრობს, რომ ეს სწორია საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებაში, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათი პრიორიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტოდ რობინსონმა, რომელიც თბილისში 7 მარტს ჩამოვიდა.
ეს კანონი არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე – აშშ-ის ჰელსინკის კომისია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არის თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. ასევე, მათი განმარტებით, თუ კანონპროექტს მიიღებენ, ეს ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ დაცემას.
“თუ ანტიდემოკრატიულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც რუსულ სტილშია, მიიღებენ, ეს იქნება კრიტიკის საბაბი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ეს ასევე აჩვენებდა იმას, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად მხარს უჭერს რუსეთს – ზუსტად იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, იტაცებს მოქალაქეებს, უგულებელყოფს სუვერენიტეტს და უკრაინაში გენოციდურ ომს აწარმოებს.”
როგორც კომისიაში აცხადებენ, ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული ვარდნა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე.
“1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და დაუღალავი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს შემოთავაზებული კანონპროექტი და დაამტკიცოს მისი დემოკრატიისადმი ერთგულება”, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის პოზიცია, უცვლელია: “კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან,” – განცხადება გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა გააკეთა