ერთობლივი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები - ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში
7 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ერთობლივი პროექტების ზრდის შესახებ განცხადებებით და ორი ქვეყნის ლიდერების არაფორმალური ფოტოების სერიით აღინიშნა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ გაბალაში გაიმართა. ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი გაბალას რეგიონულ ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც მოქალაქეებს სარეგისტრაციო შეზღუდვის გარეშე სხვადასხვა სფეროში მომსახურებას უწევს. ცენტრის წარმომადგენლებმა, სიამაყით აღნიშნეს, რომ შორეული დასახლებების მცხოვრებლებს უწევენ ე.წ. აუთრიჩ სერვისს და ამისთვის იყენებენ 10 მოძრავ ავტობუსსა და მობილურ მატარებელს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი გზავნილები გაკეთდა:
- “საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ.” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
- აღინიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობა, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის გაფართოება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.
- განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის წარმატებულ საქმიანობას საქართველოში. მისი ძალისხმევით, საქართველოში 11 000 კილომეტრიანი გაზსადენია გაყვანილი, რომელიც 830 000-ზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს.
- ხაზი გაესვა აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის“ განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას.
- “ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპას მწვანე განახლებადი ენერგია მიაწოდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
- განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება: „არსებობს ისეთი რისკები და გამოწვევები, რომლებიც არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც ვერ იქნება საუბარი რაიმე განვითარებაზე და კეთილდღეობაზე.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო Azertaj-ის ცნობით, ილჰამ ალიევმა ასევე სიამოვნებით გაიხსენა 2022 წლის ოქტომბერში, თბილისის მახლობლად, ქალაქ მცხეთაში ვიზიტი და განაცხადა, რომ „მსგავსი შეხვედრები რეგიონებში [და არა დედაქალაქებში] მნიშვნელოვანი ტრადიციაა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წელს აზერბაიჯანი ექს-პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს:
“ქართველი ხალხი დიდ პატივის სცემს მის ნათელ ხსოვნას, რომელიც იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ფოტო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი