გორში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა ლია ჩლაჩიძემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, „ომის მუზეუმი“ გახსნა.
მუზეუმში ის ნივთები და ფოტოებია თავმოყრილი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომის ამბებს ჰყვება. ომის ამბავს ჰყვება თავად სივრცეც – სარდაფი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიწვა.
ლია ჩლაჩიძე, რომელსაც ამ მუზეუმის გახსნაში არაერთი ადამიანი ეხმარებოდა, ამბობს, რომ ეს მუზეუმი არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, გაიაზრონ – რა მოაქვს ომს.
2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან – 365. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო. 20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა. საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.