ერევანში, აფეთქების შედეგად შენობა დაინგრა
დილის 7:18 საათზე, ერევანში, რაინისის ქუჩაზე, ნაწილობრივ დაინგრა შენობა, რის მიზეზიც, წინასწარი ვერსიით, გაზის გაჟონვა გახდა. პანელური ტიპის სახლის ნანგრევების ქვეშ, ჯერ კიდევ რჩება 58 წლის მამაკაცი.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის ცნობით, ეს ადამიანი არის მეორე სართულის მცხოვრები, სადაც, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. მაშველები მასთან მისვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ამწეს დახმარებით პანელს აიღებენ.
კიდევ ორი დაზარალებული საავადმყოფოშია, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 21 ადამიანი ნანგრევების ქვეშიდან მაშველების დახმარებით გამოვიდა.
რატომ დაინგრა შენობა
დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის, ფელიქს ცოლაკიანის თქმით, აფეთქების მიზეზებზე საუბარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მას იმედი აქვს, რომ შენობის დარჩენილი ნაწილი არ ჩამოინგრევა, რადგან შენობა მყარია.
დაზარალებულების შესახებ
დაშავდა სამი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ შენობის ნანგრევებიდან.
„მას, სავარაუდოდ, აფეთქების მომენტში ეძინა, ტელეფონი კი შორს გადავარდა“, – ვარაუდობს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ფელიქს ცოლაკიანი.
ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 71 წლის ქალის მდგომარეობას, ექიმები საშუალო სიმძიმისად აფასებენ. მას აღმოუჩინეს მოტეხილობები – ლავიწისა და ცხვირის ფუძის.
50 წლის მამაკაცი რეანიმაციაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მან კიდურების დამწვრობა მიიღო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.