სერგეი ლავროვი ბაქოსა და ერევანში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიუგო ერთ დღეში, 21 ნოემბერს, ერევანსა და ბაქოში იმყოფებოდნენ, სადაც ამ ქვეყნების მეთაურებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შეხვდნენ.
ორივე შეხვედრის შემდეგ, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს ზუსტად ერთი და იგივე რამ უთხრა:
„ყველამ აღიარა, რომ სამმხრივი განცხადება (10 ნოემბრის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ) უალტერნატივო იყო“.
ასევე, ორივე დედაქალაქში ლავროვმა ყველა გააფრთხილა, რომ განცხადების პუნქტების გადახედვის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ჟურნალისტებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია არა განცხადებამ – არამედ, ორივე ვიზიტის თანმდევმა ისტორიამ დროშებთან დაკავშირებით.
რუს მინისტრებთან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის დროს, შენობაში მხოლოდ სომხეთის სახელმწიფო დროშა იყო გამოფენილი.
იმავე მინისტრებთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის დროს კი დროშები საერთოდ არ იყო.
დროშებთან დაკავშირებული ისტორიის კომენტირებისას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროტოკოლი არ დარღვეულა.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/11/Lavrov-Pashinayan-Yerevan.jpg)
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/11/Lavrov-Aliyev-Baku.jpg)