"დიპლომატიური გარღვევა არ მომხდარა“: ფაშინიან-ერდოღანის შეხვედრა სტამბოლში
ფაშინიან-ერდოღანის შეხვედრა სტამბოლში
სტამბოლში გაიმართა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის შეხვედრა. ფაშინიანი თურქეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება თურქეთის პრეზიდენტის მოწვევით.
ეს იყო მათი მესამე პირისპირ შეხვედრა, თუმცა პირველად მიიჩნევა ოფიციალურ მოლაპარაკებად. წინა შეხვედრები ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიებებზე — 2022 წლის ოქტომბერში პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე და 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მოკლე ინფორმაცია, სადაც წერია, რომ მხარეებმა განიხილეს სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ხაზგასმით აღნიშნეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
პოლიტოლოგ რუბენ მეგრაბიანი JAMnews-თან ამბობს, რომ ვიზიტი ისტორიული იყო, თუმცა მისი შედეგების სერიოზულ შეფასებას დრო საჭიროებს. მისი თქმით, “მოლოდინი უნდა იყოს პრაგმატული და არ უნდა დაველოდოთ დიპლომატიურ რევოლუციას“.
ფაშინიანი თურქეთში მეორედ იმყოფება — 2023 წლის ივნისში იგი ერდოღანის ინაუგურაციაში მონაწილეობდა ანკარაში.
რა განიხილეს სომხეთისა და თურქეთის ლიდერებმა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ რეგიონულ მოვლენებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის ვალდებულება მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში რეგიონში და ხაზი გაუსვა ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას მეზობელ ქვეყნებთან.
ლიდერებმა დაადასტურეს მზადყოფნა პირდაპირი კონტაქტების და დიალოგის გაგრძელების შესახებ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესზე და სომხეთის მთავრობის ინიციატივაზე.
ფაშინიანის შეხვედრა სომხურ თემთან
ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა სტამბოლის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს. პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ფაშინიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ვიზიტი თურქეთში რეალობა გახდა დიალოგის გააქტიურების შედეგად. მან გამოთქვა იმედი, რომ ერდოღანთან შეხვედრა ახალ ენერგიას და იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
სომხეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გამომდინარეობს ორივე ქვეყნის ინტერესებიდან. ასევე, ფაშინიანმა გაამახვილა ყურადღება თურქეთში არსებულ სომხურ დიასპორაზე, რომელსაც დიდი როლი აკისრია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და დიალოგის გაღრმავებაში.
სომხური დიასპორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ფაშინიანის ვიზიტის დეტალებით სტამბოლში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების ნაბიჯებით და რეგიონული განვითარებების საკითხებით.
პრემიერის აპარატის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ფაშინიანმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო სომხეთის მთავრობის ინიციატივა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ფაშინიანი სომხურ ეკლესიას ეწვია. მან ვიდეო თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: “სანთელი დავანთე სტამბოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში“.
ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო წლების წინ, მაგრამ განსაკუთრებული პროგრესი ჯერ ვერ არის
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქეთმა დე ფაქტოდ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, თუმცა დღემდე უგულებელყოფს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. 1993 წელს თურქეთმა დახურა სახმელეთო და საჰაერო საზღვარი სომხეთთან. მსოფლიო საზოგადოებრივი ძალისხმევით საჰაერო საზღვარი 1995 წელს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვარი დღემდე დაკეტილია.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში, ერევანმა და ანკარამ დააანონსეს ურთიერთობების ნორმალიზაციის მზადყოფნა. მხარეებმა დანიშნეს სპეციალური წარმომადგენლები. 2022 წლიდან ჩატარდა ხუთი შეხვედრა რუბენ რუბინიანსა და სერდარ ყილიჩს შორის. პირველი მოსკოვში გაიმართა, სამი შეხვედრა ვენაში, ხოლო ბოლო 2024 წლის ივლისში მარგარა-ალისჯანის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე.
ყველა შეხვედრის შემდეგ ერევანმა და ანკარამ განაცხადეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები უპირობოდ. ამ პერიოდში მხარეები შეთანხმდნენ:
- მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე,
- ტექნიკური საჭიროებების შეფასებაზე რკინიგზის საზღვრის პუნქტ ახურიკ-აქიაკას ჩართვისთვის,
- სავიზო პროცედურების შემსუბუქებაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
თუმცა ეს შეთანხმებები დღემდე არ განხორციელებულა.
თურქეთი ამ პროცესს უკავშირებს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს და ხშირად ამბობს, რომ ნორმალიზაცია დაკავშირებულია აზერბაიჯანთან სირთულეების გადაჭრაზე. სომეხი ექსპერტები კი ამბობენ, რომ თურქეთი წინაპირობებს აყენებს, მაგალითად არ აღიარებს სომხების გენოციდს.
სომხების გენოციდი — ეს არის 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა და დეპორტაცია, რასაც სულ მცირე ნახევარი მილიონი სომეხი ემსხვერპლა. სომხეთი და ბევრი დასავლეთის ქვეყანა ამ მოვლენებს გენოციდად მიიჩნევს, მაგრამ თურქეთი ამას უარყოფს.
კომენტარი
პოლიტოლოგი რუბენ მეჰრაბიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ერდოღანმა ფაშინიანი თურქეთში მიიწვია და რომ ეს ორმხრივი შეხვედრა შედგა. ის ამბობს, რომ სომხურ მხარეს ამ შეხვედრისგან გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს:
“აზერბაიჯანთან ურთიერთობები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ თურქეთი მას იგნორირებას გაუკეთებს და ცალმხრივად მიაღწევს დიპლომატიურ გარღვევას სომხეთთან ურთიერთობებში.“
ამავდროულად, პოლიტოლოგის თქმით, ერევანს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ანკარა გააძლიერებს ბაქოსადმი მოწოდებებს, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას.
მეჰრაბიანო ასევე შეეხო ყველაზე პრობლემურ საკითხს – რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას. მან გაიხსენა, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტის გამო, კონტინენტთაშორისი რეისები ამჟამად სამხრეთ კავკასიის გავლით ხორციელდება.
მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია კომპრომისული გადაწყვეტის პოვნა, რომელიც არ მოიცავს დერეფნის ლოგიკას. ანუ, არ უნდა მოითხოვოს სომხეთისგან წითელი ხაზების გადაკვეთა და მის ტერიტორიაზე დერეფნის უზრუნველყოფა – გზის, რომელსაც ის არ გააკონტროლებს.
“თურქეთს საკმარისი ბერკეტები აქვს აზერბაიჯანზე, რათა ეს გადაწყვეტილება რეალობად აქციოს. აზერბაიჯანი დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდება, თუ ის ევროპიდან აზიისკენ მიმავალ გზაზე ნომერ პირველ პრობლემად იქცევა.“
რაც შეეხება სომხეთ-თურქეთის შეთანხმებებს, კერძოდ, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის საზღვრის გახსნას, პოლიტოლოგის აზრით, ის უნდა შესრულდეს. მისი თქმით, ფაშინიანსა და ერდოღანს შორის შეხვედრა ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს აძლევს.