2023 წელს დეპუტატების ვიზიტებში ჯამში 2 მილიონამდე დაიხარჯა. სად მოგზაურობდნენ კანონმდებლები?
დეპუტატების ვიზიტები
ანგოლა, ბაჰრეინი, ვიეტნამი – 2023 წელს დეპუტატების ვიზიტებში ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის მივლინებების ჯამური თანხა 2022-ის ანალოგიურ მონაცემებს 194 077 ლარით აღემატება. კერძოდ, 2023 წელს დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1 849 239 ლარი, ქვეყნის შიგნით კი 90 510 ლარი დაჯდა.
“ფლანგვის დეტექტორის” მონაცემებით, 2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ:
- ნიკოლოზ სამხარაძე – 24 მივლინება – 152 994 ლარი;
- მაკა ბოჭორიშვილი – 29 მივლინება – 143 476 ლარი;
- გივი მიქანაძე – 20 მივლინება – 95 520 ლარი.
● TI: 2023 წლის ბოლო 3 თვეში “ქართულმა ოცნებამ” 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო
● ISFED-ის კვლევა: რამდენს ხარჯავენ მეტას პლატფორმებზე რეკლამებში პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები
● “მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის” – პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზღვარგარეთ ყველაზე ძვირიანი მივლინება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰქონდა, რომელმაც ანგოლაში ვიზიტში ჯამში 18 973 ლარი დახარჯა. “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანგოლაში პაპუაშვილთან ერთად მმართველი გუნდის დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე და სალომე ქურასბედიანიც იმყოფებოდნენ, რომელთა მივლინებებიც ჯამში 33 844 ლარი დაჯდა.
ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებულ მივლინებაში იმყოფებოდა. მან ჩილესა და ურუგვაიში ვიზიტში ჯამში 14 774 ლარი დახარჯა.
ევროპულ ქვეყნებში ვიზიტების გარდა, მმართველი გუნდის დეპუტატებს მივლინებები ჰქონდათ არაბთა გაერთიანებული საამიროებში, აშშ-ში, მაროკოში, ყაზახეთში, ბაჰრეინში, უზბეკეთში, კანადაში, ჩილეში, ურუგვაიში, ისრაელში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ვიეტნამში, ანგოლაში, ჩინეთსა და არგენტინაში.