არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მორიგი ნაბიჯია დიქტატურისკენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.
“ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი! საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე.
დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“
23 ივნისს, “ქართული ოცნების” სასამართლომ ოპოზიციის სამ ლიდერს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს (ლელო – ძლიერი საქართველო), ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (კოალიცია ცვლილებებისთვის) პატიმრობა შეუფარდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში უკვე სხედან ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია (კოალიცია ცვლილებებისთვის) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ყველა მათგანს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნა “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.