ცხინვალი: პოლტიკური კრიზისი სასაზღვრო პრობლემის გამო
საზღვრის პრობლემა ცხინვალში
სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისია, რომლის მიზეზი საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი გახდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოსთვის ტერიტორიების გადაცემას დათანხმდა, მას “ღალატში” ადანაშაულებს და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნაც კი მოითხოვეს. თავად ბიბილოვი ბრალდებას უარყოფს. საზღვრის საკითხთან დაკავშირებული კრიზისი ფაქტობრივად წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.
კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და კულმინაციას 2021 წლის ნოემბერ–დეკემბერში მიაღწია, როდესაც ოპოზიციამ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.
საუბარია დოკუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც ზუსტად უნდა განისაზღვროს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. როგორც გაირკვა, პრეზიდენტის მოსაზრება ამ საკითხზე ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების, არამედ მისივე განკარგულებით შექმნილი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრების მოსაზრებებსაც.
- შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
- მოსაზრება: არის თუ არა ვინმე, ვისაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტა სურს?
- „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
საპარლამენტო ოპოზიცია და კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი საქართველოსთვის 200 კვადრატული კილომეტრის, ანუ სამხრეთ ოსეთის კუთვნილი ტერიტორიის 5%-ის „მიცემას“ ცდილობდა. ანატოლი ბიბილოვმა პარლამენტს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონთან ერთად საზღვრის აღნიშვნის რუკა 2019 წელს წარუდგინა.
ოპოზიცია და კომისიის წევრები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრების განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტია „საბჭოთა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 29 აპრილის დეკრეტი №2“ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფორმირების შესახებ“. და ზუსტად ამ დოკუმენტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი საზღვარი უფრო დიდ ტერიტორიას უნდა მოიცავდეს, ვიდრე არსებული ფაქტობრივი საზღვარი, ისევე როგორც საზღვარი პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანონის მიხედვით.
თუმცა, ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, რომ ამ განკარგულებას იურიდიული ძალა არ აქვს, ვინაიდან სამხრეთ ოსეთი სსრკ-ში შევიდა სხვა საზღვრებში, ვიდრე ის დოკუმენტშია მითითებული. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ ასევე ცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს საბჭოთა საზღვრებში, რომელიც 1990 წლისთვის არსებობდა.
როგორ დაიწყო კონფლიქტი
პირველი კომისია პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 2009 წელს შექმნა და მან 2012 წლამდე იმუშავა. მას აწ გარდაცვლილი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა.
2009 წელს ჩოჩიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს არ აქვს საკუთარი რუკები, ამიტომ სამხრეთ ოსეთის მხარე საზღვარზე სამუშაოების შესრულებისას 1984 წლის რუკებით და არა „მეორე დეკრეტის“ დოკუმენტებით ხელმძღვანელობდა.
2012 წელს, ცხინვალში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გამოსცა ბრძანებულება ახალი,უკვე მეორე, სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის ხელმძღვანელობით.
კომისიას ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის აღწერა “დეკრეტის” შესაბამისად, თუმცა, როგორც მაშინ აცხადებდნენ, ამ აღწერის შესაბამისი ზუსტი რუკები არ არსებობდა.
მეორე სახელმწიფო კომისიამ ჯიოევის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კავკასიის აეროგეოდეზიურ საწარმოში რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში შეუკვეთა არა რუკა, რომელიც აღწერდა საზღვრებს “№2 დეკრეტის” შესაბამისად, არამედ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის აღწერა ხელმისაწვდომი რუკების მიხედვით. ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე დასრულდა.
როგორც თავად ჯიოევმა 2020 წელს განაცხადა Eurasia Daily-სთან ინტერვიუში, „ჩვენმა კომისიამ დაამტკიცა ეს აღწერა შესაბამისი ცვლილებებით. მაგრამ იმისათვის, რომ საზღვრის ეს აღწერა და რუკა დამტკიცდეს, აუცილებელია ისინი შესაბამის კანონში იყოს დაფიქსირებული. ჯერჯერობით პარლამენტს ეს კანონი არ დაუმტკიცებია, ვინაიდან იქ სიტუაციის განსხვავებული გაგება არსებობს“.
ამრიგად, 2009 წლიდან კომისიის წევრები რუკებისა და დოკუმენტების ნაკლებობას უჩივიან. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს ოფიციალური რუკები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრებს აღწერდა.
არსებობს სსრკ გენერალური შტაბის 1980-იანი წლების საბჭოთა რუკები, რომლებსაც რუსი მესაზღვრეები იყენებდნენ. თუმცა, ეს რუკებიც ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგიერთ მათგანზე, მაგალითად, სოფელ წნელისთან საზღვრის მონაკვეთი საერთოდ არ არის მონიშნული, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალური და მტკივნეულია სამხრეთ ოსეთისთვის. სხვა რუკებზე საზღვარი გადის მდინარე ფრონეს დასავლეთით, რომელიც სოფელს ჰყოფს.
შეუსაბამობები იმით აიხსნება, რომ რუკები შედგენილი იყო საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებაში და, სავარაუდოდ, რუკების შემდგენელთათვის ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ვინაიდან ერთი სახელმწიფოს – სსრკ-ს, შიგნით ადმინისტრაციულ საზღვრებს წარმოადგენდნენ.
2017 წელს ცხინვალში ხელისუფლება კვლავ შეიცვალა და ახალი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა.
2017 წელს, თავისი განკარგულებით, ბიბილოვმა შექმნა ახალი, მესამე კომისია და მის ხელმძღვანელად კვლავ მურად ჯიოევი დანიშნა. ამ კომისიამ დაამტკიცა 2015 წელს პიატიგორსკში შეკვეთილი საზღვრის აღწერა და 2019 წელს დოკუმენტი პრეზიდენტს წარუდგინა, რომელმაც, თავის მხრივ, ის პარლამენტს გადაუგზავნა.
სანამ ეს დოკუმენტები ბიბილოვს გაეგზავნებოდა, ისინი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა შეისწავლა. მაშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საზღვრის ამ აღწერას, რომმლის მიხედვით, თითქოს, სამხრეთ ოსეთს ტერიტორიის 5%-ზე მეტი საქართველოსთვის უნდა “დაეთმო”.
იმ დროისთვის, 2019 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისის მიდამოებში, საქართველომ საგუშაგო მოაწყო, რომელსაც სამხრეთ ოსეთი უკანონოდ მიიჩნევს და მის დემონტაჟს ჟენევის დისკუსიებზე მოლაპარაკებების გზით ცდილობს.
2021 წლის გაზაფხულზე ბიბილოვმა გასცა ბრძანება საზღვარზე ახალი, უკვე მეოთხე სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიის თავმჯდომარედ მაჟორიტარი დეპუტატი, სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომელი გარი მულდაროვი დაინიშნა.
ახალ კომისიაში ასევე შევიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც დღეს პრეზიდენტ ბიბილოვს “სამხრეთ ოსეთის ინტერესების ღალატში” ადანაშაულებენ.
წინააღმდეგობების არსი
პრეზიდენტი ბიბილოვი ოპოზიციის საყვედურებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ოპონენტებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, კომისია მულდაროვის ხელმძღვანელობით თავად ბიბილოვმა შექმნა და ის ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე.
მაგრამ კომისიამ პრეზიდენტს არ შეატყობინა გაწეული სამუშაოს შესახებ და, ბიბილოვის თქმით, სახელმწიფოს მეთაურის გვერდის ავლით, პარლამენტში წარადგინა “შუალედური და საკამათო” შედეგები, რითაც ქმნის საეჭვო საინფორმაციო საბაბს პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ბიბილოვი განმარტავს, რომ ოპოზიცია ცდება და თუ მისი ლოგიკით, საზღვრებს საფუძვლად 1922 წლის დეკრეტი დაედება, სამხრეთ ოსეთი დღევანდელი ტერიტორიის ნაწილს დაკარგავს.
მხარეთა პოზიციები დიამეტრალურად საპირისპიროა და ოპონენტებს ერთმანეთის მოსმენა არ სურთ. 2021 წლის 30 დეკემბერს ბიბილოვი პარლამენტის სესიაზე მივიდა, რათა მონაწილეობა მიეღო ბიუჯეტის და სოციალური ფონდის შესახებ კანონების განხილვაში. თუმცა, ყველამ წინასარ იცოდა, რომ სესიაზე სწორედ საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
დეპუტატმა სახალხო პარტიიდან ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებები “მთლად არ შეესაბამება რეალობას”. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიბილოვისგან ახსნა-განმარტება ემოციურად მოითხოვეს.
სახელმწიფო კომისიის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი რუკა, სადაც მიუთითეს მისი შეუსაბამობები საზღვრის აღწერილობასთან, რომელიც პარლამენტს 2019 წელს წარუდგინეს.
“ოპოზიცია სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს”, – განმარტავს წყარო სამხრეთ ოსეთის მთავრობიდან.
„საბჭოთა წლებში საზღვრების სხვადასხვა მიმართულებით გადაწევა ხდებოდა. რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიცია სიტუაციას თავისთვის ხელსაყრელ ჭრილში განმარტავს. ის საუბრობს მხოლოდ საზღვრების დასავლეთ მიმართულებაზე, სადაც თითქოს სამხრეთ ოსეთმა წააგო, მაგრამ არ საუბრობს სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც ჩვენმა რესპუბლიკამ საზღვრებში მნიშვნელოვნად მოიგო“.
რაც შეეხება ე.წ „რუკას“, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთი თითქოს 200 კვადრატულ კილომეტრს კარგავს, წყაროს ცნობით, საუბარია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის აღწერაზე“, რომელიც პიატიგორსკში კომისიის ხელმძღვანელის მურად ჯიოევის დაკვეთით მომზადდა. ანატოლი ბიბილოვმა ამ დოკუმენტში „მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩვენი სახელმწიფოსთვის სასარგებლო დამატებები შეიტანა“ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა პარლამენტში.
ოპოზიციის დეპუტატებმა კი, წყაროს ცნობით, ყველა დეტალი იცოდნენ, მაგრამ საკითხის პოლიტიზებას „ძალაუფლებისთის წინაარჩევნო ბრძოლისთვის “ ახდენენ (სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება).
ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი რუკა კი, წყაროს თქმით, არასანდოა, რადგან მის შედგენისთვის „ოპოზიციამ ვიღაც კადასტრის თანამშრომელი და არა პროფესიონალი კარტოგრაფი დაიქირავა “.
ბიბილოვმა თავის გამოსვლაში გაიმეორა ადრე გამოთქმული არგუმენტები, რომ 1922 წლის დეკრეტს არ აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან ის სსრკ-ს შექმნამდე იქნა მიღებული.
„მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ რუკაზე საზღვარს 1922 წლის დეკრეტის მიხედვით მონიშნავთ, მაშინ გუჯაბაური, ორჭოსანი და რამდენიმე სხვა დასახლება სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ რჩება“, – განაცხადა ბიბილოვმა.
პრეზიდენტის გამოსვლისას დეპუტატებმა აგრესიით და შეურაცხყოფით უპასუხეს. კონფლიქტში სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ, მაგრამ ბიბილოვმა მათ დარბაზის დატოვება სთხოვა.
მან ოპოზიციის განცხადებებს მცდარი უწოდა, ამასთან, მიუთითა დარღვევებზე კომისიის საქმიანობაში და დეპუატებს შეახსენა, რომ კომისია დამტკიცებული დებულების გარეშე მუშაობს. შესაბამისად, მისი საქმიანობა არალეგიტიმურია, მიუხედავად მისი შედეგებისა.
რამდენჯერმე პარტია “ნიხასისა” და სახალხო პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ, რომელიც თავის გამოსვლაში ასევე ადანაშაულებდა ოპონენტებს.
პოლიტიკური მოტივები
ახლანდელი საპარლამენტო ოპოზიცია ცხივალში სამხრეთ ოსეთის წინა პრეზიდენტების ედუარდ კოკოითისა და ლეონიდ თიბილოვის მხარდამჭერებითა და ყოფილი მაღალჩინოსნებით არის წარმოდგენილი.
ბიბილოვის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი დავით სანაკოევი კოკოითის პრეზიდენტობის პერიოდში მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა რწმუნებულად მუშაობდა. ლეონიდ თიბილოვის დროს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
2015 წელს პარლამენტმა სპიკერ ბიბილოვის ხელმძღვანელობით სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა და ის თანამდებობიდან გადააყენა.
შემდეგ იგი პრეზიდენტის თიბილოვის სახელმწიფო მრჩევლად და პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა. 2016 წლიდან სანაკოევი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მესამე სახელმწიფო კომისიის წევრია.
თუმცა, აქამდე მას საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ და სად არის საზღვრები, არის თუ არა კანონი სახელმწიფო საზღვარის შესახებ და ა.შ.
ბიბილოვმა მსგავსი პრეტენზიებით პარტის “ნიხასის” დეპუტატს, ცხინვალის ყოფილ მერს ალან ალბოროვსაც მიმართა. ბიბილოვმა პირდაპირ თქვა, რომ მას არ აინტერესებდა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის საზღვრები, პირიქით, ალბოროვი პირადი გამდიდრებით – მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურები გახსნით იყო დაკავებული.
“ნიხასის” პარტიის ლიდერს, ალან გაგლოევს პრეზიდენტმა წარსული საქმიანობა – სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში მუშაობა შეახსენა. ბიბილოვის თქმით, გაგლოევს ასევე ჰქონდა საკმარისი უფლებამოსილება სამშობლოს საზღვრების დასაცავად.
ბიბილოვი „სახალხო პარტიასაც“ გადაწვდა, რომელშიც ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან თავმოყრილი. ბიბილოვის თქმით, წინა ხელისუფლებას თავისი უშუალო მოვალეობები რომ შეესრულებინა, ახლანდელი პრობლემები არ იარსებებდა, მაგრამ რატომღაც არ არსებობს კანონი “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” და კოკოითისა და თიბილოვის ბრძანებულებებით შექმნილი წინა სახელმწიფო კომისიები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მათმა უმოქმედობამ სოფელ წნელისში კრიზისი გამოიწვია.
ამგვარმა კრიტიკამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. დიალოგი ვერ შედგა.
მეორე დღეს სახალხო პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ედუარდ კოკოითის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა ჯამბოლატ მედოევმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტ ბიბილოვის იმპიჩმენტის დაწყების წინადადებით გამოვიდა. მაგრამ ამ ინიციატივას სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია.
საპარლამენტო ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაში პოლიტიკური ელფერი აშკარაა. ბიბილოვს „ღალატში“ მხოლოდ ის დეპუტატები ადანაშაულებენ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტების კოკოითისა და თიბილოვის გუნდებში შედიან. დანარჩენი ორი საპარლამენტო პარტია – „ხალხის ერთობა“ და სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტია, კონფლიქტში არ მონაწილეობენ და სიტუაციას გარედან აკვირდებიან.
ძველი პრობლემა – რას ამბობენ თვითმხილველები
ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დავას საზოგადო მოღვაწეები და პრობლემის კარგად მცოდნე ადამიანები გამოეხმაურნენ.
ზნაურის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი ვიტალი პლიევი იხსენებს, რომ საზღვარზე არსებული კრიზისი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერების გულგრილობისა და დაუდევრობის შედეგი იყო. მისი თქმით, სოფელ წნელისის მცხოვრებლებმა 2012 წლიდან არაერთხელ მისწერეს კოლექტიური წერილები პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს და ჩიოდნენ, რომ ქართველი სამხედროები თავისუფლად მოდიან მათ სახლებთან.
„ისინი წერილებს წერდნენ, მაგრამ არცერთზე პასუხი არ მიუღიათ. საზღვრის დელიმიტაციის კომისია კი, შეიძლება ითქვას, ქაღალდზე არსებობდა. იმ პერიოდის კომისიის ზოგიერთმა წევრმა არც კი იცოდა, რომ მისი წევრები იყვნენ“, – განაცხადა პლიევმა.
რამდენიმე წლის წინ სოფელ წნელისში მცხოვრები ალან ჯიოევი ამბობდა, რომ „პრობლემა არც დღეს და არც ბიბილოვის დროს შექმნილა, წნელისში აღშფოთებულმა მოსახლეობამ განგაში 2013 წელს ატეხა. შემდეგ იყო მიმართვები მაშინდელ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან, მაგრამ უშედეგოდ. ”
ხუთი წლის შემდეგ, 2019 წელს, თბილისმა სოფელ წნელისთან საგუშაგო მოაწყო. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, პოსტის დაყენების წინაპირობები დიდი ხნის წინ არსებობდა და ის უკვე ბიბილოვის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა.
„ამიტომ, თუ დღევანდელ ოპოზიციას ნამდვილად სურს სიმართლის დადგენა, მაშინ აუცილებელია დამნაშავეთა ძებნა, სულ მცირე, 2009 წლიდან დაიწყოს. მაშინ მაინც შეძლებენ თავიდან აიცილონ პოლიტიკური სპეკულაციისა და მიკერძოების ბრალდებები“, – მიიჩნევს ჩემი ზოგიერთი თანამოსაუბრე წნელისსა და ცხინვალში.
დაპირისპირება დასასრულიგან ჯერ შორსაა და, როგორც ჩანს, ორმხრივი ბრალდებები გაგრძელდება.
პაატა ზაქარეიშვილი: “საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციის პროცესში”
JAMnews, თბილისი
ქართველმა კონფლიქტოლოგმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა კომენტარი გააკეთა JAMnews-ის თბილისის რედაქციისთვის ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესისა და სამხრეთ ოსეთში საზღვრების გამო მიმდინარე დავის შესახებ:
ამ წუთში ბორდერიზაცია ცალმხრივად მიმდინარეობს, – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფება ცდილობს ქართული მხარე შეიტყუოს მოლაპარაკებებში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საზღვრის დადგენის თაობაზე.
ისინი თვლიან, რომ არიან დამოუკიდებლები და დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება საზღვრების დადგენა მეზობელ სახელმწიფოსთან, საქართველოსთან.
ვინაიდან, საქართველო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და თვლის ამ ტერიტორიას ოკუპირებულ ტერიტორიად რუსეთის მხრიდან, ამიტომ, საქართველო, აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ მიუღებელია მისთვის ამ პროცესებში მონაწილეობა.
ეს პროცესი არ არის გაფართოება და მეტი ტერიტორიის მითვისება, ოსური მხარე ცალსახად საბჭოთა პერიოდში შედგენილ ბოლო რუკებს მიჰყვება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ის რუკები და ტერიტორია, რაც შესთავაზა ბიბილოვმა პარლამენტში არსებულ კომისიას, რომ დაედგინათ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრები, არ შეესაბამება 1924 წლის მონაცემებს, როცა პირველად დადგინდა და აღიარებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და შეუსაბამოა იმასთან.
თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ მაშინ სამხრეთ ოსეთი ასეთი გაგებით არ იყო. მაშინ იყო სამხრეთ კავკასიის ფედერაცია, სულ სხვა მოვლენები. მხოლოდ 30-იან წლებში ხდება საბოლოო ჯამში დადგენა შიდა საზღვრებისა საქართველოში.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტი ედავება ბიბილოვს, რომ უფრო მეტი ტერიტორია უნდა შეიტანოს დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში, ბიბილოვი კი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. მისი აზრით, ეს გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას, ამიტომ, „ჯობია დავიტოვოთ ის, რაც გვაქვს, ვიდრე მოვითხოვოთ ის, რაც არ გვაქვს“
და ამას ემატება ის, რომ ამ ფონზე, ქართულმა მხარემ სოფელ წნელისში ორი წლის წინ დადგა საგუშაგო. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა.
ბიბილოვი რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს, რუსეთი ეუბნება, რომ მოდი, ის რაც გაქვს, რასაც შენ აკონტროლებ, ჩვენი დახმარებით, გაიფორმე. ვიდრე ედავო ის, რაც შენი არ არის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ და რაც კიდევ მეტ დაძაბულობას მოიტანს.
რუსები და ბიბილოვი უფრო პრაგმატულად უყურებენ საქმეს, – რაც გაქვს, შენია და რაც არ გაქვს, იმას ნუ ეპოტინები, იმიტომ, რომ შეიძლება რაც გაქვს, ისიც დაკარგო.
ხოლო პარლამენტის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ბიბილოვს შეედავოს ყველაფერში, და ეს შეიძლება წინასარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყოს, ბიბილოვს შეუძლებელს სთხოვს – მოსთხოვოს საქართველოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს აკონტროლებს.
JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.