ციხე ხელისუფლების არაღიარების გამო - კონსიტუტციონალისტი განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ მოდელებს შორის
ციხე ხელისუფლების არაღიარების გამო
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ხელისუფლების არაღიარება და მისი “ოკუპანტი ძალის მიერ მართულად“ მოხსენიება შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
მენაბდის თქმით, როგორც სხვა შემთხვევაში, “ქართული ოცნება” აქაც მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს – კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ მოდელებს შორის.

ვახუშტი მენაბდე: “რეჟიმის (ამ სიტყვის გამოყენება დასჯადიც კი შეიძლება იყოს) პარლამენტი მსჯელობს სანქციების დაკისრებაზე იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
ანალოგად მოჰყავთ გერმანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს აკრძალა Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი რამდენიმე ორგანიზაცია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ორგანიზაციები არ იყვნენ პარტიები, რადგან პარტიების ასაკრძალად სხვა პროცედურა გამოიყენება და იქ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.
როგორც სხვა შემთხვევაში, ქართული ოცნება აქაც მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს.
Reichsbürgerbewegung-ის საქმეში ორგანიზაციების აკრძალვის მიზეზი სამი იყო:
I. კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა;
II. სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფა („პარალელური სახელმწიფოს“ შექმნა);
III. ძალადობის რეალური საფრთხე (სახელმწიფო გადატრიალების გეგმები, 2022 წელს გამოვლინდა ტერორისტული შეთქმულება);
IV. ანტისემიტური და ექსტრემისტული შინაარსი;
V. სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი.
ასე ჩამოთვლილი ეს მიზეზები მარტივად ჟღერს, მაგრამ თითოეულს აქვს თავისი ტესტი, რომელიც კონკრეტულმა საქმემ უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ ორგანიზაცია აკრძალოს.
მაგალითად, I მიზეზის შემთხვევაში სახელმწიფომ საჭიროა დაასაბუთოს, რომ ერთდროულად 3 ფაქტორია წარმოდგენილი:
1. არსებობს ორგანიზებული გაერთიანება;
2. მას სურს კონსტიტუციის გაუქმება/ჩანაცვლება;
3. ის დგამს ქმედით ნაბიჯებს ამისთვის (აქვს სტრატეგია, პროგრამა, მოქმედებს სისტემურად).
თავად „კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა“ კი ნიშნავს (აქაც ერთდროულად უნდა იყოს ეს ფაქტორიები მოცემული) არა მთავრობის ან იმ არჩევნების, რომლითაც კონკრეტული მთავრობა აირჩა, არალეგიტიმურობაზე საუბარს, არამედ:
1. თავად სახელმწიფოს ლეგიტიმურობის უარყოფას (გერმანიის შემთხვევაში ეს ჯგუფი მიიჩნევდა, რომ გდფ არალეგიტიმური ქვეყანაა და აღიარებდა მხოლოდ რაიხის პერიოდის გერმანიას, ანუ სხვა სახელმწიფოს. ჩვენს შემთხვევაში ქართლ-კახეთის სამეფოს რომ აღიარებდეს ვინმე, ან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას);
2. მოქმედი კონსტიტუციის არაღიარებას;
3. ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფა როგორიცაა არჩევნების, სასამართლო და ა.შ. ოღონდ ეს უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფა ზოგადად და არა კონკრეტული არჩევნების, მოსამართლის, სასამართლოს მიმართ უნდობლობა.
ჩვენთან საქმე სულ პირიქითაა. წინააღმდეგობა:
1. ერთგულებს არსებული ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და რეჟიმს მოქმედი, მე-2 რესპუბლიკის ღირებულებების ღალატში ადანაშაულებს – არალეგიტიმურად აღიარებს კონკრეტულ მთავრობას;
2. იცავს მოქმედ, 1995 წლის კონსტიტუციას (თავისი ყველა, ოცნების მიერ შეტანილი ცვლილები ჩათვლით) და ოცნებას მის დარღვევაში ადანაშაულებს (სავსებით გამართული ლოგიკით);
3. მოითხოვს ავტორიტარული ხელისუფლების მიერ მიტაცებული დემოკრატიული ინსტიტუტები ხალხისთვის დაბრუნებას და ბრალს დებს უზურპატორებს მის ინსტრუმენტალიზაციაში.
როგორც ხედავთ, საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა და გერმანიის შემთხვევა საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენთან. იქ აკრძალული ორგანიზაციები დემოკრატიას უპირსპირდებოდნენ, აქ – წინააღმდეგობა დემოკრატიისთვის იბრძვის.
5-დან მხოლოდ 1, რეჟიმის მიერ ყველაზე ხშირად მოყვანილი, არგუმენტი განვიხილე. დანარჩენ 4-ზეც რომ მესაუბრა არავინ წაიკითხავდა იმსიგრძე პოსტი გამოვიდოდა.”