ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. რა პრიორიტეტებია საქართველოსთან დაკავშირებით
ევროკავშირის პრიორიტეტები
1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ექვსი თვის ვადით ჩეხეთი ხდება. ამ პოსტს იგი საფრანგეთისგან გადაიბარებს.
სწორედ ამ როტაციას მიეძღვნა პრესკონცერენცია, რომელიც 30 ივნისს თბილისში, ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის და საფრანგეთის ელჩებმა გამართეს.
მათ ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის თავმჯდომარეობა შეაჯამეს და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის გეგმებზე ისაუბრეს.
ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას თქმით, მათი პრეზიდენტობის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება უკრაინის საკითხი, რუსეთზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების შემცირება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ადამიანის უფლებების დაცვა.
ჩეხეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირისთვის ძირითადი გეოგრაფიული პრიორიტეტი იქნება, მათ შორის მოიაზრება საქართველოც.
“ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოში მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს საკითხებში”, – აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.
პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრადობა ქალაქებისა და რეგიონების დონეზე, ციფრული განვითარება, მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერების მიმართულებით.
ჩეხეთისა და საფრანგეთის ელჩებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანი საქართველოსთვის „მიღწევადია და ახლოს არის“. ამისათვის საქართველოს მთავრობამ მისთვის წაყენებული 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
„მნიშნელოვანია ჩვენ დავინახოთ ძალისხმევა საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.
ჩეხეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ქართულ საზოგადოებას სრულიად ახალ ცხოვრებას მოუტანს და ეს სამუშაო პირველ რიგში არის საქართველოსთვის და არა ევროკავშირისთვის.
„რას ელოდება ამ პროცესის შედეგად ევროკავშირი? მშვიდ, წყნარ საუბარს, ამ ერთიანი მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა მიკისკამ. ელჩებმა დასძინეს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალის, თუ საზოგადოების ერთიანობას მოითხოვს.