"პრორუსულმა ქართულმა რეჟიმმა ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის განაჩენებით პუტინს მაამებლური შეტყობინება გაუგზავნა" - NGO-ები
ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული
რუსეთის მოქალაქეები – ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ, – ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მოსამართლეები აღნიშნული საქმეების განხილვისას დაეყრდნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან.
ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. იგი პუტინისტური რეჟიმის მიერ ციხეში მოკლული რუსეთის ოპოზიციის ლიდერის – ალექსეი ნავალნის მომხრე იყო.
რუსეთში ცხოვრების პერიოდში ის რამდენჯერმე დააკავეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, 22 სხვა დემონსტრანტთან ერთად მან საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
პუტინისტური რეჟიმის და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგეები არიან ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბულიც.
რას ამბობენ არასამთავრობოები
“თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომელთა საფუძველზეც პროევროპული აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს – ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულს ნარკოტიკული საშუალებების “შეძენა-შენახვის“ ბრალდებით 8.5-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც ივანიშვილის მიერ მიტაცებული სასამართლოს გამრუდებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ. ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო ამ სამ ადამიანს გაამართლებდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდა.
ნარკოტიკების ჩადება დიდი ხნის მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ამ პრაქტიკაზე მეტყველებს 7 საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა და რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დამრღვევად სცნო.
ამ მავნე პრაქტიკაზე მეტყველებს, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქებურიას საქმეში, რომელშიც დადგენილია, რომ პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნეს ცნობილი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებისა და მათ მიერვე შედგენილი ჩხრეკის ოქმების საფუძველზე და, რომ ამისათვის აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულებების – ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერის არსებობაც.
ანტონ ჩეჩინის საქმეში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ხოლო ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის საქმეში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უგულებელყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი:
ისინი დაეყრდნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან. ამას გარდა, სასამართლომ უგულებელყო ანტონ ჩეჩინის ჩვენება, რომ თარჯიმანი დაკავებიდან 15 წუთის შემდგომ მივიდა ადგილზე;
მათ უკრიტიკოდ მიიღეს პოლიციელთა განმარტება, რომ “ვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო“. სინამდვილეში, ეს სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიციელებმა, გავრცელებული მავნე პრაქტიკის შესაბამისად, განზრახ აარიდეს თავი ვიდეოგადაღებას;
თარჯიმნის ფიგურა გახდა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ქართველ და რუს ბრალდებულთა საქმეებს შორის — მაგალითად, ახობაძის საქმეში თარჯიმანი არ იყო, რუსების საქმეებში კი სწორედ მათი ჩვენება გახდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მთავარი საყრდენი.
საერთო დასკვნა: რუსეთის მოქალაქეები – ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს.
შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პრორუსულმა ქართულმა რეჟიმმა ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით პუტინის ხელისუფლებას მორიგი მაამებლური შეტყობინება გაუგზავნა ან სულაც შეასრულა მოსკოვიდან მიღებული დავალება
არასათანადო მოპყრობის თაობაზე რეაგირების უქონლობა – გამოძიების ეტაპზეც და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც ანტონ ჩეჩინმა განაცხადა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს, აგრეთვე პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
ანტონ ჩეჩინი სერიოზულად არის დაავადებული. მას თავის ტვინში გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ზომები კი დღემდე არ ხორციელდება.
ანასტასია ზინოვკინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი ხელებით ეხებოდა ტანზე, რაც ზინოვკინას თქმით, “ჩხრეკა არ იყო“ და რომ მუხათგვერდელი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა. დაკავებისას მუშტით დაემუქრნენ არტიომ გრიბულსაც.
ზინოვკინას განცხადებით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას ციხის თანამშრომლების მხრიდანაც. ამის გამო არტიომ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა.
ყველა ამ განცხადებაზე შესაბამისი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.