ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" იმარჯვებს
გაზიარება
გაზიარება
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დასრულდა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებს. იმ ოლქებში, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატები იყვნენ წარდგენილი იმარჯვებენ 100 პროცენტითაც.
ცესკოს მონაცემებით, საქართველოში გახსნილი 3061 უბნის 74.453%-ის (2279) მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80,783% მიიღო.
საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” (80.783%-ით), მეორეზე – “ძლიერი საქართველო – ლელო” (6.775%), მესამეზე – “გახარია საქართველოსთვის” (3.872%), მეოთხეზე – “გირჩი” (3.291%), რომელსაც მოსდევს “კონსერვატორები საქართველოსთვის” (2.765%). სხვა პარტიებს 1 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ.
თბილისში უბნების 99 პროცენტია დათვლილი და ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ (70.179%), „ძლიერი საქართველო-ლელო“ – (10.034%), „გირჩი“ (7.488%), „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (4.329%) და „გახარია საქართველოსთვის“ (3.192%), სხვა პარტიებმა დედაქალაქში 1 და ნაკლები პროცენტი დააგროვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1 მილიონ 438 ათას 116 ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 40.93 პროცენტია. წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, 2021 წელს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო, 1 მილიონ 815 ათას 776 ადამიანი.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომსიაში შესულია 24 საჩივარი, საჩივრები კი ძირითადად შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის უბნის მოწყობას და ა.შ.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო. 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ. “გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, “კონსერვატორები საქართველოსთვის” კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი – 4.121%.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამარჯვება პარტიის ოფისში აღნიშნეს. პარტიის წევრებს ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის – საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან გამარჯვებას შთამბეჭდავი უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ კატასტროფულად წააგო.
„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.