13 იანვარს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა.
თუკი წინადადებას მიიღებენ, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო;
გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;
ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის;
მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.“
მაკკლიარის ჩათვლით, წინადადების მიღებას 13 პარლამენტარი ითხოვს. მათგან 11 ლიბერალ-დემოკრატია, ერთი – დემოკრატიული უნიონისტური პარტიიდან (DUP), ერთი კი – დამოუკიდებელი.
2024 წლის 19 დეკემბერს,დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივი თავდასხმებისთვის, სანქციები დაუწესა ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს.
დასანქცირებული პირები არიან:
ვახტანგ გომელაური– შინაგან საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე დარახველიძე– შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
სულხან თამაზაშვილი– თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება. გარდა ამისა, გაიყინება მათი უძრავი ქონება დიდ ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, “მათ გარიცხვას დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან.”