საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა. იგი რამდენიმე საქმეზე იყო მსჯავრდებული და ცხრაწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს:
“რას არ ვაპირებ იმის თქმა შემიძლია. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე. გვერდით მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა, გამოფიტული ვარ ძალიან, დაღლილი ვარ”, – თქვა ბაჩო ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უკრაინის ომზეც ისაუბრა. მან თქვა რომ გაოცებულია უკრაინელი ხალხით და მათ მხარდაჭერას უცხადებს.
ჟურნალისტების მცდელობაზე გაეგოთ რას ფიქრობს მის საქმეებზე, ახალიამ უპასუხა:
“მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. სხვა არაფერი მიკეთებია, აი 41 წლის ვარ და არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ჯერ არაფერი მიკეთებია, ქვეყნის სამსახურის მეტი. ვის რა როგორ ესმის, სხვა საკითხია“.
საპატიმროდან გამოსულ ბაჩო ახალაიას ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ჰკითხეს.
“სირცხვილის გრძნობა მაქვს, ისეთი ქვეყნის მოქალაქე ვარ ვისაც ასეთი კაცი, [მიხეილ სააკაშვილი] აქ უზის, მრცხვენია, გაოგნებული ვარ “, – ასე უპასუხა ახალაიამ მათ კითხვას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 2012 წელს დააკავეს, ნოემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და სათავეში “ქართული ოცნება” მოვიდა. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ედავებოდნენ ციხეში პატიმრების წამებას, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). ბაჩო ახალაიამ ციხე ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
ბაჩო ახალაია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო და ხელისუფლებაში ამ პარტიის ყოფნის პერიოდში ის სულ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
2005 – 2008 წლებში ბაჩო ახალაია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. 2008 – 2009 წლებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2009 წლის აგვისტოდან – 2012 წლამდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2012 წლის ივლისიდან სექტემბრამდე კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.