ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს
ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას, რომელსაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო იუსტიციის სამინისტრომ საქმიანობის უფლება შეუჩერა და სანოტარო რეესტრის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა, სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს.
“ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა დავა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში… რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას”, – წერს ის ფეისბუკზე.
ბაჩანა შენგელია ორ კვირაზე მეტია, რაც იუსტიციის სამინისტროსგან ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმებზე წვდომის აღდგენას უშედეგოდ ითხოვს. მას ეს უფლება 19 ივნისს, მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუჩერეს. შენგელიამ დოკუმენტი სასამართლოში გაასაჩივრა. 30 ივნისს სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრზე და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაავალა, თუმცა, იუსტიციის სამინისტრო ამ დავალებას არ ასრულებდა.
თავად ბაჩანა შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებს. ის ამ საქმეზე დავას ახლა უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აგრძელებს.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტით 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის გაუარესებას და გარდაცვალებას სკოლაში დაწყებულ შემოწმებას უკავშირებს. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ია კერზაიას “დასასჯელად” შევიდა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებისას კერზაიამ მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას” სახელისუფლებო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოგროვებაზე უარი უთხრა.
ბაჩანა შენგელიამ მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მას მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.