კორონავირუსი აზერბაიჯანში: მე-13 გარდაცვალება და სტატისტიკისადმი უნდობლობა
აზერბაიჯანში კორონავირუსით მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო და მას შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება აწუხებდა.
ასევე დაფიქსირებულია დაინფიცირების 49 ახალი შემთხვევა, მანამდე დაინფიცირებულთაგან კი კიდევ 62 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1197 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელებულების კი – 351-ს.
მედიაში პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ არის იმის შესახებ, თუ სად და რა ვითარებაში ინფიცირდებიან ადამიანები. მაგრამ ხელისუფლება, საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო, მოსახლეობას მუდმივად ლანძღავს.
____________________________________________________________________________
14 აპრილს, ისევე როგორც 12-ში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ დაინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. აზერბაიჯანში არცთუ ცოტა ადამიანს სტატისტიკის საერთოდ არ სჯერა. ხუმრობენ, რომ დათვლას აწარმოებს მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაზაჰირ პახანოვი, რომელსაც გამყალბებლის სახელი აქვს განთქმული.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ ხალხს, მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემების არ სჯერა, რასაც უნდა ეხებოდეს ეს მონაცემები:
„არ შემიძლია განვსაჯო, სტატისტიკა მომატებულია თუ დაკლებული, და საერთოდ, ამაზე რამენაირი კომენტარი გავაკეთო. მაგრამ 2020 წლის თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანების უმრავლესობამ ხელისუფლების მიერ გახმოვანებული ციფრების მიმართ ნდობა საბოლოოდ დაკარგა“.
მოცემული მომენტისთვის აზერბაიჯანში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – დაკეტილია მეტრო, ყველა პარკი და სკვერი, კომერციული ობიექტების უმრავლესობა, ორგანიზაციები და საწარმოები.
ქუჩაში გასასვლელად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ან სამსახურიდან ცნობა ან სპეციალური SMS-ნებართვა, რომელიც დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემა. 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა საერთოდ ეკრძალებათ.
ამავდროულად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, რაც ამ ყველა აკრძალვას უკანონოს ხდის.