აზერბაიჯანი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე: რატომ ჩანს ბაქო თეირანისთვის საფრთხედ?
აზერბაიჯანის პოზიცია ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე
ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მხოლოდ შიდა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს აღარ ასახავს: თეირანი სულ უფრო ღიად ხედავს საფრთხეს ჩრდილოეთით, სადაც აზერბაიჯანი – ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან მზარდი კავშირების ფონზე – პოტენციურ გეოპოლიტიკურ ბერკეტად იქცა. ირანის ხელისუფლებისთვის ეს კრიზისი არა მხოლოდ ქუჩის პროტესტია, არამედ რეგიონული ძალთა ბალანსის შეცვლის სიმპტომიც.
პროტესტები ირანის დიდ ქალაქებში გასული წლის ბოლოს დაიწყო, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე. 28 დეკემბერს თეირანის დიდ ბაზარში დაწყებული დემონსტრაციები მალევე გავრცელდა მეშჰადში, ისპაჰანსა და სხვა ურბანულ ცენტრებში. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 50 პროცენტს აჭარბებს; მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა სიღარიბის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტისა და უმუშევრობის წინააღმდეგ. თუმცა სოციალური მოთხოვნები სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ ლოზუნგებში.
ხელისუფლების თავდაპირველი მცდელობა, პროტესტი ლოკალურად შეეჩერებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა. შეტაკებები ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დამოუკიდებელი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, იანვრის დასაწყისში უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რასაც ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ირანის მთავრობა მსხვერპლის სრულ სტატისტიკას არ აქვეყნებს, თუმცა ადასტურებს, რომ დაღუპულია სულ მცირე 109 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.
მიუხედავად მასშტაბისა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ პროტესტს ჯერჯერობით არ შესწევს რეჟიმის სწრაფად ჩამოშლის ძალა. უსაფრთხოების აპარატი კვლავ შეკავშირებულია, ხოლო ხელისუფლებამ შესაძლოა სოციალური და ეკონომიკური დათმობების გზით სცადოს უკმაყოფილების განმუხტვა. Janes-ის ანალიტიკური სამსახურის შეფასებით, რეჟიმის სრული კოლაფსი მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა.
თუმცა თეირანი კრიზისს მხოლოდ შიდა პრობლემებით არ ხსნის. ირანის პოლიტიკური ელიტა ბოლო წლებში მომხდარ რეგიონულ ცვლილებებსაც უსვამს ხაზს — განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანის როლი მკვეთრად გაიზარდა. ბაქოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ ისრაელთან და სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა თურქეთთან ძალთა ბალანსი ირანის საზღვრებთან შეცვალა.
2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის დროს ისრაელის მიერ მიწოდებულმა თანამედროვე შეიარაღებამ აზერბაიჯანს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამასთან, თელ-ავივმა ირანის ჩრდილოეთ საზღვართან სტრატეგიული მოკავშირე მიიღო. კარნეგის ფონდის შეფასებით, აზერბაიჯანი ისრაელისთვის “ირანის უკანა ეზოსთან“ მდებარე პლატფორმას წარმოადგენს – სადაზვერვო და ოპერატიული შესაძლებლობებით.
2023 წლის სექტემბერში, როცა აზერბაიჯანმა ყარაბაღში კონტროლი სრულად აღადგინა და რეგიონიდან რუსი სამშვიდობოები გავიდნენ, სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებული სტატუს კვო საბოლოოდ დაინგრა. ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე რუსული გავლენა შესუსტდა, მაშინ როცა თურქეთისა და დასავლეთის – მათ შორის ისრაელის – როლი გაძლიერდა. ბაქო სულ უფრო დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
ამ ფონზე, თეირანში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აზერბაიჯანის დაახლოება ვაშინგტონთან. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ეს ურთიერთობა აშკარად გააქტიურდა იმდენად, რომ თავად ტრამპმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ირანელი მომიტინგეების მიმართ და აზერბაიჯანული მედიის რეპორტაჟებიც კი გამოიყენა ირანში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. თეირანი ასეთ ნაბიჯებს საინფორმაციო ომად აღიქვამს.
ირანი ცდილობს მხარდაჭერა მოსკოვსა და პეკინში იპოვოს. რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ თეირანთან ოფიციალური სამხედრო ალიანსი არ არსებობს. ჩინეთი კი ეკონომიკურ თანამშრომლობას ინარჩუნებს, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას ერიდება. ორივე ქვეყანა, როგორც ჩანს, “მოვიცადოთ და ვნახოთ“ მიდგომას ირჩევს.
ამ რთულ გეოპოლიტიკურ სურათში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “სამხრეთ აზერბაიჯანის“ თემას — ირანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას. ოფიციალური ბაქო ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, თუმცა პროსამთავრობო მედია სულ უფრო ღიად განიხილავს სცენარებს, რომლებიც ირანის შესაძლო დასუსტებას აზერბაიჯანის ისტორიულ შანსად წარმოაჩენს.
ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ირანელი აზერბაიჯანელების ერთიან სეპარატისტულ ძალად აღქმა შეცდომაა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი უფლებების გაფართოებას არა დაშლილ ირანში, არამედ რეფორმირებულ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოში ხედავს. მიუხედავად ამისა, “სამხრეთ აზერბაიჯანის“ ფაქტორი რეგიონულ პოლიტიკაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად.
თუ ირანი რეფორმების გზას დაადგება, ბაქო, სავარაუდოდ, ცვლილებებს მიესალმება, მაგრამ ღია ჩარევას მოერიდება. რეჟიმის კოლაფსის შემთხვევაში კი არჩევანი ბევრად რთული იქნება – და სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს, გადაიქცევა თუ არა ირანის შიდა კრიზისი ფართო რეგიონულ გარდატეხად.