რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის საქართველომ ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა
ავტომობილების რეექსპორტი
საქართველო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეცტექნიკის რეექსპორტსაც წყვეტს. ინფორმაციას BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზიდან დაუდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ცვლილება 15 მაისიდან შევიდა ძალაში.
აქამდე რეექსპორტის პროცედურები რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ისედაც აკრძალული იყო, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში რეექსპორტი საქართველოდან შეზღუდული არ ჰქონდათ. როგორც შშს-ში აცხადებენ, ცვლილებები სწორედ ამ ნაწილში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ რუსულ წყაროებში გამკაცრებული რეგულაცია რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით არის ახსნილი, რომელშიც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ “საქართველოს საზღვრები სანქციების გვერდის ასავლელი “მწვანე დერეფანია”. მათი ინფორმაციით, საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში ავტომობილები მიუხედავად შეზღუდვებისა, მაინც ხვდება.
რეექსპორტის შეცვლილ წესზე არაფერი განუმარტავთ, თუმცა ინფორმაციას სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობენ, რომ საქართველო სანქციების აღსრულების პროცედურებს მკაცრად იცავს.
“კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“-ს მიერ, ე.წ. კვლევაში გამოთქმული ბრალდებები არის უსაფუძვლო და მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა ავტორის მიერ გამოთქმულ ვარაუდებსა და ეჭვებს.
კვლევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო არგუმენტი და დოკუმენტი. შედეგად ცხადია, რომ ამგვარი კვლევის მომზადების მთავარი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაა.”- ამბობენ შემოსავლების სამსახურში.
აისახება თუ არა ახალი რეგულაცია ქართულ ავტობაზარზე? კომენტარი
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაძე BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები ქართველი ავტოდილერებისთვის არაფერს ცვლის. მისი თქმით, სიახლე ყაზახ და ყირგიზ ავტოდილერებს კიდევ უფრო გააქტიურებს, რაც ისედაც რთულ კონკურენციას ადგილობრივებს კიდევ უფრო გაურთულებს.
“ფაქტობრივად რუსეთისა და ბელარუსის პასპორტებით საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა, ეს ძალაში შევიდა 15 მაისიდან. ამ შემთხვევაში ჩვენი ბაზრისთვის არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ არიან ყაზახი და ყირგიზი ავტოდილერები და აქ უკვე ტექნიკური საკითხია, ვისი პასპორტი იქნება გამოყენებული ავტომობილის რეექსპორტისას. ეს უფრო წაადგებათ ყირგიზ და ყაზახ ავტოდილერებს, ჩვენთვის აქ არაფერი არ იცვლება. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდა, თუმცა ჩვენი პოზიცია იცით, რომ ჩვენი მთლიანი რეექსპორტი რუსული ბაზრის 3 პროცენტსაც არ შეადგენს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ აქ სანქციების თავის არიდებასთან გვაქვს საქმე,“ – აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.
„რობანი მოტორსის“ დამფუძნებლის ელგუჯა ჯამაგიძის შეფასებით, ცვლილება რისკებს, რაზეც საერთაშორისო მედია წერდა, ვერ გადააზღვევს. ჯამაგიძე ხსნის, რომ საექსპორტო ავტომობილებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ნაცვლად ყაზახები და ყირგიზები გააფორმებენ და საქართველოდან გასული ავტომობილი დანიშნულების ქვეყანაში ჩავა თუ რუსეთის ბაზარზე დარჩება, მაინც ბუნდოვანი იქნება.
„ბელარუსი და რუსი თუ არ გაიყვანს, გაიყვანს ყაზახი, ყირგიზი და ტაჯიკი ავტოდილერები. კარგად მოგეხსენებათ ეკონომიკური მდგომარეობა ყირგიზეთში და ტაჯიკეთში ისეთია, რომ ვიღაც 150 დოლარის საფასურად გააფორმებს თავის პასპორტზე და გადაიყვანს. თავისუფლად შესაძლებელია ამ გზების გამოძებნა. თვალის ასახვევად არის იმ მდგომარეობის, რომ ჩვენ რუსებისკენ არ მივდივართ და ამათ სანქციებს ვუწესებთ. ეს დაწესებული იყო, მაგრამ ეს შეზღუდვა თავიდანვე უნდა შესულიყო ძალაში. ნახეს შავი ხვრელი, რომ რუსეთის მოქალაქეზე არ იყო შეზღუდვა და ის მარტო სახელმწიფოზე ვრცელდებოდა, შესაბამისად, ვიღაცებმა იხეირეს,“ – ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.