მინიმუმ ერთი კვირა თბილისის დიდ ნაწილს წყალი გრაფიკით ექნება. რა ვიცით მასშტაბურ ავარიაზე წიწამურთან
გაზიარება
გაზიარება
ავარია მაგისტრალურ მილსადენზე წიწამურთან
უკვე ორ დღეზე მეტია, თბილისის და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს წყალი არა აქვს. უწყლოდ დარჩენილია 60 ათასზე მეტი აბონენტი, დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ამ დღეებში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს და ასევე დაწყებულია აქტიური ტურისტული სეზონი, უწყლობა განსაკუთრებულად დიდ პრობლემებს ქმნის.
18 ივნისს დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისში 63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის სრულყოფილად მიწოდება ერთ კვირაში აღუდგება. ეს განცხადება მან თბილისის წყალმომარაგების კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს… მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“, – თქვა ბენდელიანმა.
თბილისის აბონენტების დიდმა ნაწილმა სმს იმის შესახებ, რომ წყალი ავარიულად შეწყდება 16 ივნისს მიიღო.
როგორც თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებიდან გაირკვა, სოფელ წიწამურთან, 16 ივნისს დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი.
სწორედ ეს მილსადენი ამარაგებს წყლით თბილისის ცენტრალურ ნაწილს – ვაკეს, საბურთალოს, მთქაწმინდის ნაწილს, ასევე გლდანის რაიონის ნაწილს და ქალაქ მცხეთას.
ავარია იმდენად მასშტაბურია, რომ ორი დღე დაზიანების იდენტიფიცირებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას დასჭირდა. უშუალოდ სამუშაოები კი 18 ივნისს დაიწყო.
როგორც წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, ავარია გამოიწვია მილსადენზე “ნაყარი მასალის” დაყრამ, რამაც დააზიანა მილი.
“ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი,” – ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.
ვინ არიან “მესამე პირები”, რომელთა გამოც მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, კომპანია არ ასახელებს.
სამუშაოებს ართულებს ისიც, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს. არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეც, ამბობენ კომპანიაში.
“ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა”.
ვიდრე პრობლემა მოგვარდება, თბილისის დიდ ნაწილს წყლის მიწოდების გრაფიკი დაუწესდა. წყალი საშუალოდ დღეში 3-5 საათით მოდის. კონკრეტულად, ვინ რომელ არეალშია და დღეში რამდენი საათით მიაწვდიან წყალს, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯივიპის სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ” სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის”.
კომპანია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით