ათასი მშობლის მარში. საქართველოში ბავშვებზე ძალადობის შესაჩერებლად ცვლილებებს ითხოვენ
“შენი შვილის გამო”, “ჩვენი შვილის გამო”, “ჩვენი გოგონების გამო” – თბილისსა და საქართველოს კიდევ ათ ქალაქში ათასი მშობლის მარში იმართება.
ეს არის აქცია, რომელიც ქალთა მოძრაობამ ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ მოაწყო. აქცია უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგონების და ბავშვების მიმართ.
მთავარი მოთხოვნა რეფორმებია, სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ღონისძიება ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიგეგმა.
10 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს 14 წლის მოზარდი გოგონა. როგორც გაირკვა, გარდაცვალებამდე გოგონა 24 წლის კაცმა გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის შესახებ იცოდა პოლიციამ, მან მოძალადე არ დააკავა. ხოლო ოჯახის წევრები თანადგომის ნაცვლად მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. გოგონას დაღუპვის შემდეგ პოლიციამ დააკავა მოძალადე კაცი და ასევე გოგონას ბაბუა.
● “სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე”. დღიური, რომელსაც ნინი თვითმკვლელობამდე წერდა, ახლა პოლიციაშია
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
● შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი. “საქართველოში თუ არ დაგალურჯეს და არ გცემეს, მაშინ არ ითვლები გაუპატიურებულად, ეს უნდა შეიცვალოს”, – ამბობს ქალთა მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია.
● პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
● სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების პროცესის ნაწილი. თუკი ბავშვებს ექნებათ ელემენტარული განათლება სქესობრივ საკითხებში, ისინი შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
_________________________________________________________________________
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● “ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების მუხლში შესწორებას ითხოვს
● გაიგე, რამდენად დიდია შანსი რომ მოგკლან. ანიმაციური ვიდეო ფემიციდის შესახებ
● ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
● ფემინიზმი აზერბაიჯანში: როგორ იბრძვიან ქალები
___________________________________________________________________________
● უფლებადამცველები ასევე ითხოვენ ქვეყანაში რეალურად ამუშავდეს სოციალური დაცვის სამსახური. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, სადაც 50-ზე მეტი სოფელია, ერთი სოციალურ მუშაკი ემსახურება.
● დაისაჯონ კონკრეტულად ნინის საქმის ფიგურანტები – დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
აქციების თბილისის გარდა გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში და ხარაგაულში გაიმართა.