"ქალთა მოძრაობა" გაუპატიურების მუხლში შესწორებას ითხოვს
„ქალთა მოძრაობა“ პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და კანონმდებლობაში გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას მოითხოვს. კერძოდ, „ქალთა მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი მოთხოვნაა გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის არარსებობის ელემენტი შევიდეს.
“ქალთა მოძრაობა” მოითხოვს დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა და მიმართავს საქართველოს პარლამენტს:
შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.
“დღეის რედაქციით და პრაქტიკით გაუპატიურებისთვის აუცილებელია ცემა-ტყეპა, გლეჯა, მუქარა და უმწეობა. პრაქტიკულად დღეს ქალს სთხოვენ იყოს ნაცემიც, ანუ რომ გაუპატიურებენ ეგ არ კმარა, თავიც უნდა აცემინო ვინმეს, რომ დაგიჯერონ, რომ არ გინდოდა”, – განმარტავს წერილის შინაარსს ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია.
წერილში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირ შემთხვევაში დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ სამართლიანი სასამართლო.
ამის მიზეზად „ქალთა მოძრაობა“ ასახელებს ამ მიმართულებით პრობლემურ კანონმდებლობას და პრაქტიკას, რომელიც თანხვედრაში არ მოდის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და “მისი არარსებობის დადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით”.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში 25 ნოემბერი “ქალთა მოძრაობისთვის” საიუბილეო დღეცაა – ზუსტად 6 წლის წინ ამ დღეს, საქართველოში პირველად გამართა დიდი დემონსტრაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით.
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
● ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
● საქართველო: სულ მცირე ათი ქალი უფლებადამცველს სექსუალურ შევიწროებაში დებს ბრალს